ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ტერმინოლოგიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ახალი ლექსიკონის პრეზენტაცია

17 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. შეხვედრა ტერმინოლოგიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებასა და ახალი იტალიურ-ქართული ლექსიკონის წარდგენას დაეთმო.

კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მეექვსე ტურის გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და კონკურსის მხარდამჭერი კომპანიის, „დრესაპის“ საჩუქრები.

წლევანდელი ტურის გამარჯვებულები არიან: მარიამ კვინიკაძე, რაზმიკ ბადალიანი, ლელა სარიშვილი, ჯეომირ ჭითანავა და რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის IIIგ კლასი (პედაგოგი – მარიკა ნოზაძე). აღსანიშნავია მოსწავლეების აქტიური მონაწილეობა, მათ საკონკურსო სიტყვებზე ერთობლივად იმუშავეს და შესაბამისი ქართული შესატყვისები შეიმუშავეს.

ღონისძიების მეორე ნაწილი იტალიურ-ქართული სასწავლო ონლაინლექსიკონის წარდგენას დაეთმო. პროექტი იტალიურ გამომცემლობა „ძანიკელისთან“ (Zanichelli) თანამშრომლობით განხორციელდა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში იტალიის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და გამომცემლობა „ძანიკელის“ რედაქტორი, დოქტორი ჯონ ჯონსონი.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში იტალიურ ენას 62 სკოლაში 9 000-მდე მოსწავლე ეუფლება. ახალი ონლაინლექსიკონის შექმნის მთავარი მიზანი სწორედ იტალიური ენის შემსწავლელთათვის საიმედო და ხარისხიანი აკადემიური რესურსის შეთავაზებაა.

ლექსიკონის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://itka.iliauni.edu.ge/ka/

გაიგე მეტი

გაიგე მეტი