ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე წარმატებით დასრულდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში“, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (SPG-25-456) ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სამყაროს თანამედროვე სურათის გაცნობა. დაკვირვებები და ექსპერიმენტები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ სამყაროს „სურათი“ მისი განვითარების ეტაპიდან, როდესაც ის წამის მემილიარდედი ასაკის იყო, იმსჯელონ მის ევოლუციაზე და გარკვეულწილად ივარაუდონ მომავალიც.
მოსწავლეებთან მუშაობისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კოსმოლოგიაზე, რომელიც ფიზიკურ კოსმოლოგიას ეფუძნება და სხვადასხვა დარგის უახლეს მიღწევებს აერთიანებს, კერძოდ:
ფიზიკა (კოსმოლოგიის ხერხემალი): ზოგადი ფარდობითობის თეორია აღწერს კოსმოსურ მასშტაბებზე გრავიტაციას, ხოლო კვანტური მექანიკა და ველის კვანტური თეორია ადრეული სამყაროს შესწავლის საშუალებას იძლევა;
ასტრონომია უზრუნველყოფს დაკვირვებით მონაცემებს დედამიწასა და კოსმოსში განთავსებული ტელესკოპებიდან;
ასტროფიზიკა აკავშირებს ფიზიკასა და ასტრონომიას, ხსნის კოსმოსურ გამოსხივებასა და ობიექტების (მათ შორის შავი ხვრელების) ქცევას;
მათემატიკა და სტატისტიკა წარმოადგენს კოსმოლოგიის ენას, რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს მოდელირებას.
მეცნიერების პოპულარიზაცია, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ხელს უწყობს საზოგადოების ინტელექტუალურ განვითარებას. გასაგები ენით გადმოცემული ცოდნა ეწინააღმდეგება დოგმატიზმსა და აგრესიას და ახალგაზრდებში ზრდის მოტივაციას, აყალიბებს ცოდნაზე დაფუძნებულ ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს.
პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, თინათინ კახნიაშვილისა და მიხეილ მაზიაშვილის ხელმძღვანელობით.
პროცესში ჩართულნი იყვნენ
პროფესორები: მაია თოდუა, ლადო სამუშია, გია ჯავახიშვილი, გიორგი დალაქიშვილი, ბიძინა კაპანაძე, პაატა გოგიშვილი და ზურაბ თავართქილაძე, დოქტორი სალომე მჭედლიძე;
სტუდენტები: დოქტორანტი მურმან გურგენიძე, მაგისტრანტი ნიკა ჩახუნაშვილი და ბაკალავრიატის სტუდენტი მიხეილ მეტივიშვილი;
პროექტის მენეჯერი – მზია ბარათელი

