პროფესორ ოთარ აბდალაძის სტატია სამეცნიერო ჟურნალში Journal of Vegetation Science გამოქვეყნდა

მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში “Journal of Vegetation Science” გამოქვეყნდა სტატია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ოთარ აბდალაძის თანაავტორობით.

სტატია “ReSurveyEurope: A database of resurveyed vegetation plots in Europe” ეძღვნება მცენარეულობის ევროპული არქივის (EVA) ინიციატივას.

პროექტის “ReSurveyEurope” მიზანია ევროპის მცენარეულობის განმეორებითი აღწერის მონაცემთა ბაზების (მათ შორის პერმანენტული ნაკვეთებიდან მიღებული მონაცემების) მობილიზება.

აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა დაფიქსირდეს ევროპის მცენარეულობის სივრცე-დროითი ცვლილებები და გამოვლინდეს ტრანსფორმაციის ტენდენციები მიმდინარე კლიმატური ცვლილებების ფონზე.

კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში მაღალმთის კრიოფილური ტაქსონები და მცენარეულობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა, ამიტომ ალპური მცენარეული საზოგადოებები და ცალკეული სახეობები უმნიშვნელოვანეს ბიოინდიკატორებს წარმოადგენენ.

ცვლილებების პროგნოზირებისთვის აუცილებელია მათი მონიტორინგი და ეკოლოგიურ თავისებურებათა კაუზალური ანალიზი.

მსგავსი მონიტორინგი 2001 წლიდან მიმდინარეობს  საერთაშორისო კონსორციუმის GLORIA (Global Observation Research Initiative in Alpine Environments) ფარგლებში  და ექვსივე კონტინენტის მსოფლიოს 133 მაღალმთიან სამიზნე რეგიონს აერთიანებს.

საქართველო ამ გლობალურ სამონიტორინგო ქსელში დაარსებიდან, 2001 წლიდან,  მონაწილეობს.

პერმანენტული სამონიტორინგო ნაკვეთები დიდი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს, სადაც მონიტორინგის უკვე 4 ციკლი (2001, 2008, 2015 და 2022 წლებში) ჩატარდა.

ამ კვლევების საფუძველზე ქართველი მეცნიერების თანაავტორობით არაერთი სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ გამოცემებში: “Science”, “Nature Climate Change”, “Journal of Ecology”, “Journal of Biogeography”, “Global Change Biology”.

სტატიის სრული მონაცემები

Knollová I. et al. (2024): „ReSurveyEurope: A database of resurveyed vegetation plots in Europe“ – Journal of Vegetation Science – 35(2): e13235.

სტატიის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://doi.org/10.1111/jvs.13235

გაიგე მეტი

გაიგე მეტი