28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენელი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისათვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი) – 4-დან 6 თვემდე ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 2000 ევროს ეკვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი – არაუმეტეს 575 ევროს ეკვივალენტი ლარში;
ბ) დოქტორანტების 3-თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ეკვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი – არაუმეტეს 575 ევროს ეკვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი – ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ეკვივალენტი ლარში.
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების 6–თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ეკვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი – არაუმეტეს 575 ევროს ეკვივალენტი ლარში, დაზღვევის ხარჯი – ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ეკვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელისa და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი – არაუმეტეს 637,5 ევროს ეკვივალენტი ლარში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.
დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე.
[wpai_display_imported_files_here]


