პროექტი AQUATECH – Collaborative Efforts for Sustainable Aquaculture Production through Technological Advancements („მდგრადი აკვაკულტურის წარმოების ხელშეწყობა ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით“) ხორციელდება Interreg NEXT Black Sea Basin Programme 2021-2027-ის ფარგლებში და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მისი მიზანია შავი ზღვის აუზში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, გარემოს მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
შავი ზღვის აუზის საზღვაო გარემო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორისაა გარემოს დეგრადაცია, აკვაკულტურის არამდგრადი პრაქტიკა და მონიტორინგის არასაკმარისად განვითარებული სისტემები, რაც უარყოფითად აისახება როგორც ეკოსისტემებზე, ისე აკვაკულტურის სექტორის ეკონომიკურ მდგრადობაზე. AQUATECH აღნიშნულ გამოწვევებს პასუხობს თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიების, ადრეული გაფრთხილების სისტემებისა და ერთობლივად შემუშავებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით, რაც ხელს შეუწყობს წყლის ხარისხის გაუმჯობესებას, აკვაკულტურის მდგრად განვითარებასა და სექტორის ეკონომიკური მედეგობის გაძლიერებას.
პროექტის კოორდინატორია კავალას განვითარების სააგენტო – Kavala Development Agency S.A. (საბერძნეთი), ხოლო საერთაშორისო პარტნიორობას ქმნიან:
საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – DIMITRA / მეთევზეობის კვლევითი ინსტიტუტი (Hellenic Agricultural Organization – DIMITRA / Fisheries Research Institute) (საბერძნეთი);
ასოციაცია Glarus – Burgas (ბულგარეთი);
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
სინოპის უნივერსიტეტი (Sinop University) (თურქეთი);
აგრობიზნესის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ფონდი (International Center for Agribusiness Research and Education Foundation) (სომხეთი).
ამრიგად, პროექტი აერთიანებს ექვს ორგანიზაციას შავი ზღვის რეგიონის ხუთი ქვეყნიდან, მათ შორის ოთხ კვლევით დაწესებულებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება წყლის გარემოს მდგომარეობის შესაფასებელი სეზონური მონიტორინგი და დამონტაჟდება ავტომატიზებული მონიტორინგის სადგურები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემების რეალურ დროში მიღებასა და პროგნოზირებისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას. ასევე დაგეგმილია ჰიდროდინამიკური მოდელის შემუშავება და დანერგვა, მათ შორის სხვადასხვა სცენარის მოდელირება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს მდგომარეობისა და აკვაკულტურის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესების უკეთ შეფასებას.
პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება ციფრული პრაქტიკის საზოგადოება (Digital Community of Practice), რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების უწყვეტ გაცვლას და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. გაიმართება აკვაკულტურის პროდუქტების პოპულარიზაციის ღონისძიებები მომხმარებელთა ცნობიერებისა და ინტერესის გასაზრდელად, მომზადდება ბაზარზე შესვლის გზამკვლევი, რომელიც აკვაკულტურის მწარმოებლებს ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარება, და შემუშავდება პოლიტიკის რეკომენდაციები შავი ზღვის აუზში აკვაკულტურის სექტორის შემდგომი განვითარებისთვის.
თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიების, მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაერთიანებით, AQUATECH ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზში წყლის გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, აკვაკულტურის წარმოების მდგრადობის გაძლიერებასა და სექტორის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გამოწვევების უფრო ეფექტიან მართვას.
AQUATECH-ის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1,444,577.04 ევროს, საიდანაც 1,300,119.32 ევრო ევროკავშირის თანადაფინანსებაა Interreg-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება 2026 წლის 27 მარტიდან და გაგრძელდება 2028 წლის 26 სექტემბრამდე.

