პროექტ PEACEEDU-ის კონსორციუმის დასკვნითი შეხვედრა ილიაუნიში

29-30 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე საერთაშორისო პროექტის „Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia, and Moldova“ (PEACEEDU) კონსორციუმის დასკვნითი შეხვედრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, ასევე საერთაშორისო პარტნიორები ფინეთიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პროექტით განხორციელებული საქმიანობის, შედეგებისა და მნიშვნელოვანი ეტაპების შეჯამება, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და პროექტის შემდგომი მდგრადობისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა.

პირველ დღეს პარტნიორებმა განიხილეს პროექტის განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფისა და შედეგების გავრცელების კუთხით განხორციელებული ნაბიჯები. თითოეულმა ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი გამოცდილება და მიღწევები, რასაც მოჰყვა დისკუსიები და მოსაზრებების გაცვლა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის შედეგების გავრცელებისა და მდგრადობის საკითხებს. პარტნიორებმა ერთობლივად იმუშავეს მდგრადობის გეგმის პროექტზე და განიხილეს შესაძლებლობები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ მიღწეული შედეგების შენარჩუნებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

მეორე დღეს სამუშაო სესია დაეთმო პროექტის მართვის საკითხებს, განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული ეტაპების შეფასებას, სამომავლო ვალდებულებების, ამოცანების, ვადებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრას. პარტნიორებმა იმსჯელეს გეგმებსა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე.

PEACEEDU პროექტი მიზნად ისახავს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში სამშვიდობო განათლების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმირებას. კონსორციუმის დასკვნითმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი სივრცე შექმნა პროექტის შედეგების შესაჯამებლად, თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სამშვიდობო განათლების მიმართულებით სამომავლო საქმიანობის დასაგეგმად.

პროექტები სრულდება, თუმცა ჩამოყალიბებული პარტნიორობა, გამოცდილება და მეგობრობა თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი