14-16 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია (ENAI) ბათუმში უმასპინძლებენ მასშტაბურ ევროპულ კონფერენციას European Conference on Ethics and Integrity in Academia (ECEIA 2026) ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ. კონფერენცია, რომელიც პირველად გაიმართება კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება აკადემიური საზოგადოებისთვის.
პროექტ ETHICS-ისადმი მიძღვნილ სესიებზე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ შედეგები. პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების კულტურის განვითარება, პასუხისმგებლიანი კვლევის პრაქტიკის ხელშეწყობა და შესაბამისი ინსტიტუციური და საგანმანათლებლო მექანიზმების განვითარება.
სესიებზე განხილული იქნება გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით შექმნილი ინიციატივებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის გაგრძელებასა და განვითარებას. ღონისძიებაზე პროექტის გუნდი მუშაობის შედეგებს გააცნობს არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას, ასევე შეაჯამებს ოთხწლიან მუშაობას და შეაფასებს მიღწეულ პროგრესს.
ECEIA 2026 აერთიანებს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების მკვლევრებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, პოლიტიკის შემქმნელებს, დოქტორანტებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე მუშაობენ. კონფერენცია საუკეთესო პლატფორმაა სფეროს თანამედროვე გამოწვევების, კვლევის შედეგებისა და ინსტიტუციური პრაქტიკის განსახილველად და გამოცდილების გასაზიარებლად.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და პოსტერების სესიებს. ძირითადი თემებია: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების ეთიკური გამოწვევები, აკადემიური თავისუფლება, ეთიკური პუბლიკაცია და ავტორობა, პოსტპლაგიატი, აკადემიური კეთილსინდისიერების სწავლება და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა.
კონფერენციის პროგრამის, რეგისტრაციისა და სხვა დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ECEIA 2026-ის ოფიციალურ ვებგვერდს: https://academicintegrity.eu/conference/

