27-29 ოქტომბერს კონსტანცაში (რუმინეთი), ოვიდიუსის უნივერსიტეტში (Ovidius University of Constanța), გაიმართა საერთაშორისო პროექტ EfxINNOs-ის პარტნიორთა სამუშაო შეხვედრა და საერთაშორისო ვორკშოპი, რომელიც მიეძღვნა შავი ზღვის აუზში ინოვაციური საზღვაო ტექნოლოგიების განვითარებასა და ლურჯი ეკონომიკის ხელშეწყობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და დარგის სპეციალისტები შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგინეს პროექტის რეგიონულმა სამეცნიერო კოორდინატორმა, პროფესორმა ქეთევან კუპატაძემ, მანქანური სწავლების მიმართულების უფროსმა მკვლევარმა გიორგი მიქელაძემ და მკვლევარმა თამარ ედიშერაშვილმა.
27 ოქტომბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს პროექტით განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები. პარტნიორებმა წარმოადგინეს მიმდინარე კვლევების შედეგები, შეაფასეს პროექტის განხორციელების პროგრესი და იმსჯელეს სამომავლო ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტით დაგეგმილი ჰაკათონის ორგანიზაციულ და შინაარსობრივ საკითხებს.
28 ოქტომბერს ოვიდიუსის უნივერსიტეტში გამართულ გაფართოებულ საერთაშორისო ვორკშოპს An Innovative Marine Technology Transfer Network for Blue Growth in the Black Sea Basin დაესწრნენ უნივერსიტეტების პროფესორები, ახალგაზრდა მეცნიერები, მკვლევრები და საზღვაო გარემოს კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროს წარმომადგენლები.
ვორკშოპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია პროექტით განხორციელებულ კვლევებზე, მიღწეულ შედეგებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
გაიმართა პრესკონფერენციაც, რომელზეც პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს შავი ზღვის ეკოსისტემის კვლევის, ინოვაციური საზღვაო ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა ონლაინმედიამ.
დასკვნით დღეს მონაწილეებმა დაათვალიერეს კონსტანცის სანაპირო ზოლი და გაეცნენ საზღვაო გარემოს მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების პრაქტიკულ მეთოდებს. გაიმართა საველე მონაცემების აღების მეთოდების დემონსტრაცია და განხილვა.
პროექტის EfxINNOs მიზანია ლურჯი ეკონომიკის მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში, ასევე პარტნიორებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის ტექნოლოგიურად განვითარებული მდგრადი პლატფორმების ეფექტური ქსელის შექმნა.
პროექტში მონაწილეობენ ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციები, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზღვაო ინოვაციების ხელშეწყობას ემსახურება.
პროექტს აფინანსებს პროგრამა Interreg NEXT Black Sea Basin, თანადამფინანსებელია ევროკავშირი. საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1,643,648.40 ევროს.
პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად შავი ზღვის აუზისთვის, რადგან აერთიანებს მეცნიერულ ინოვაციებს, განათლებისა და გარემოსდაცვით მიზნებს და ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის.
კვლევა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

