ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო პროქტის easyPEST – შავი ზღვის რეგიონში მცენარეთა მავნებლების მონიტორინგის სისტემის შექმნა – განხორციელება

პროექტი easyPEST – EstAblishing long-term monitoring System for plant PESTs around the Black Sea („შავი ზღვის რეგიონში მცენარეთა მავნებლების გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის შექმნა“), რომელიც ხორციელდება Interreg NEXT Black Sea Basin Programme 2021-2027-ის ფარგლებში. ევროკავშირის თანადაფინანსებით, პროექტის მიზანია ხელოვნურ ინტელექტსა და მოქალაქეთა მეცნიერებაზე (Citizen Science) დაფუძნებული ინოვაციური, გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შავი ზღვის აუზში ინვაზიური მცენარეთა მავნებლების ადრეულ გამოვლენასა და მონიტორინგს.

ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის ინტეგრირების გზით, easyPEST ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას და რეგიონის შესაძლებლობების ზრდას ბიოლოგიური ინვაზიების პრევენციის, დროული გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით. პროექტი მიზნად ისახავს ტყეების დაცვას, სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლიერებასა და შავი ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

პროექტის კოორდინატორია გირესუნის გუბერნია (თურქეთი), ხოლო საერთაშორისო პარტნიორობას ქმნიან:

  • ტრაბზონის უნივერსიტეტი (თურქეთი);
  • საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – DIMITRA (HAO-DIMITRA) (საბერძნეთი);
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).

 

მეცნიერების, საჯარო უწყებებისა და მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, კონსორციუმი შეიმუშავებს ინოვაციურ ციფრულ ინსტრუმენტებს მავნებლების ადრეული გაფრთხილების, სახეობების იდენტიფიკაციისა და გრძელვადიანი მონიტორინგისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის მდგრადობის გაძლიერებას ინვაზიური უცხო წარმოშობის მწერი-მავნებლების მზარდი საფრთხის მიმართ.

ინოვაციური მონიტორინგის ტექნოლოგიების განვითარების გარდა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები, დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის ღონისძიებები და მოქალაქეთა მეცნიერებაზე დაფუძნებული აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მონაწილე ქვეყნებში ინვაზიურ მავნებლებზე უფრო კოორდინირებულ და ეფექტიან რეაგირებას.

easyPEST-ის პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 520,308.90 ევროს, საიდანაც 468,278.01 ევრო ევროკავშირის თანადაფინანსებაა. პროექტი განხორციელდება 2025 წლის დეკემბრიდან 2027 წლის ივნისის ჩათვლით.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი