21 ოქტომბერს მსოფლიოში აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო დღე (International Day of Action for Academic Integrity – IDoA 2026) აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ონლაინღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც მიიღებს.
აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო ცენტრის (International Center for Academic Integrity – ICAI) მიერ ორგანიზებული ღონისძიება თითქმის 15 საათის განმავლობაში ონლაინ უწყვეტად გაიმართება და მსოფლიოს სხვადასხვა დროის სარტყელში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, შეუერთდნენ მათთვის საინტერესო სესიებს.
წლევანდელი ღონისძიების თემაა „კეთილსინდისიერების რეცეპტები: გაუზიარე სხვებს შენი საფირმო კერძი“ (Recipes for Integrity: Sharing Your Signature Dish). პროგრამა მოიცავს თემატურ პანელურ დისკუსიებს, სტუდენტურ სესიებსა და ინტერაქციულ შეხვედრებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენას აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე, შეფასების თანამედროვე მიდგომებს, დოქტორანტურაში კვლევის ეთიკის საკითხებსა და უნივერსიტეტებში კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერებას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური სწავლებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ცენტრის ხელმძღვანელი გიგა ხოსიტაშვილი მონაწილეობას მიიღებს სესიაში „კეთილსინდისიერების სამზარეულო მთელ მსოფლიოში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ (Integrity Kitchens Around the World in the Age of GenAI). სესიაში მონაწილეობენ ასევე ლიდსის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო), სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უკრაინა), ბალიქესირის უნივერსიტეტის (თურქეთი) და რიგის სტრადინშის უნივერსიტეტის (ლატვია) წარმომადგენლები.
სამუშაო ენა: ინგლისური (პროგრამაში გათვალისწინებულია ესპანურენოვანი სესიაც)
დასწრება თავისუფალია.
მონაწილეებს შეუძლიათ დაესწრონ როგორც სრულ პროგრამას, ისე ცალკეულ სესიებს. აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://academicintegrity.org/aws/ICAI/pt/sp/idoa

