ARIVE-ის ტრენერთა ტრენინგი კვლევის ხელმძღვანელობისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

1-4 სექტემბერს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა ოთხდღიან ARIVE-ის ტრენერთა ტრენინგს (Training of Trainers – ToT), რომელშიც მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ილიაუნი არის საერთაშორისო კონსორციუმის წევრი, რომელიც Erasmus+ ARIVE პროექტს პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია კვლევითი უნარების განვითარება ვირტუალური, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

ტრენინგს უძღვებოდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორები რობ ბონგაარდტი და ეტი ნილსენი. პროგრამაში ARIVE-ის პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტრენინგი მოიცავდა კვლევის ხელმძღვანელობისა და ფასილიტაციის, მოტივაციისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, ინტერდისციპლინური გუნდური მუშაობის, უკუკავშირისა და გუნდზე ორიენტირებული ვირტუალური კვლევითი სწავლების საკითხებს.

პროგრამაში მონაწილეობდნენ ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ელენე ჟურავლიოვა და მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი ივანე აბიათარი ფაკულტეტის სხვა აკადემიურ პერსონალთან ერთად.

ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრებისა და პრაქტიკული ფასილიტაციის სავარჯიშოების დროს მონაწილეებმა განიხილეს მიდგომები, რომლებიც გამოყენებული იქნება ARIVE-ის ვირტუალური კვლევითი სემესტრების (Virtual Research Semesters) განხორციელებისას. მათ შორის იყო კვლევითი გუნდის ფორმირება, კვლევითი კითხვების ერთობლივად შემუშავება, ინტერდისციპლინური მსჯელობა, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, უკუკავშირი და რეფლექსია.

ტრენინგი მნიშვნელოვანი ეტაპია ARIVE-ის კონსორციუმის ფარგლებში კვლევის ხელმძღვანელობის საერთო მიდგომების ჩამოყალიბებისათვის. მიღებული გამოცდილება აკადემიურ პერსონალს დაეხმარება, ეფექტიანად დაუჭირონ მხარი სტუდენტებსა და  ახალგაზრდა მკვლევრებს ინტერდისციპლინურ და საერთაშორისო კვლევით გარემოში.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტ ARIVE-ის ვებგვერდს: ariveproject.com

გაიგე მეტი

გაიგე მეტი