20 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“ და პოსტერების კონკურსი. ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტთა აკადემიური კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის წახალისებას ევროინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ. კონფერენციასა და პოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობისა და მომიჯნავე მიმართულებათა პროგრამების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის სავარაუდო თემები:
- ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: თანამშრომლობა და პოლიტიკური დინამიკა;
- საქართველო და ევროპული ინტეგრაცია;
- ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან;
- ევროკავშირის ურთიერთობები აზერბაიჯანთან;
- ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და სამხრეთ კავკასია;
- ევროკავშირის როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში;
- სამხრეთ კავკასია თანამედროვე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე;
- აშშ, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და რეგიონის სხვა გარე აქტორები;
- დემოკრატიზაცია, ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა სამხრეთ კავკასიაში;
- ენერგეტიკული უსაფრთხოება, დაკავშირებადობა და სატრანზიტო დერეფნები;
- ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია და მედეგობა;
- კონფლიქტები და მშვიდობის მშენებლობის პერსპექტივები;
- ახალგაზრდობა, განათლება და ევროკავშირის შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში.
მონაწილეობის პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ღონისძიებაზე წარადგინონ როგორც საკონფერენციო მოხსენება, ისე სამეცნიერო პოსტერი (ან ორივე).
რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა მითითებულ ელექტრონულ ბმულზე უნდა ატვირთონ შემდეგი მასალები:
- საკონფერენციო ნაშრომის წარსადგენად: ინფორმაცია ავტორის შესახებ (სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებელი, ფაკულტეტი/პროგრამა და სწავლების საფეხური), მოხსენების სათაური და სრული ტექსტი (მოცულობა: 800-1000 სიტყვა).
- პოსტერების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად: მონაცემები ავტორის შესახებ, პოსტერის სათაური, ნამუშევრის ელექტრონული ვერსია (PDF ან JPEG ფორმატში) და კვლევის შინაარსისა და აქტუალობის მოკლე აღწერა (მოცულობა: 200-300 სიტყვა).
მნიშვნელოვანი თარიღები და პრიზები:
- რეგისტრაციისა და ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 მაისი;
- საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს შემოსული განაცხადების განხილვას და შერჩეულ კანდიდატებს მონაწილეობას დაუდასტურებს არაუგვიანეს 16 მაისისა;
- გამოვლინდება სამი საუკეთესო მოხსენება და პოსტერი, რომელთა ავტორებს გადაეცემათ წიგნის სახლ „ლიგამუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები;
- საუკეთესო ნაშრომები ელექტრონული კრებულის სახით გამოიცემა, ხოლო ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ელფოსტაზე: jeanmonnetchair@iliauni.edu.ge

