ივლისში ეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტებისათვის ჩატარდა ცხოველთა სახეობების მონიტორინგის კურსის საველე სწავლება. მუშაობა მიმდინარეობდა ყაზბეგის რაიონში და კოლხეთის დაბლობზე. სტუდენტები და კურსის ხელმძღვანელები, პროფესორები ნათია კოპალიანი და ზურაბ გურიელიძე იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის საკვლევ ბაზებზე დაბა სტეფანწმინდასა და გრიგოლეთში, საიდანაც ყოველდღიურად კეთდებოდა მარშრუტები.
ყაზბეგის რაიონში მაგისტრანტები სწავლობდნენ კვალზე მუშაობას, საველე მონაცემების შეგროვებას, აკვირდებოდნენ ჯიხვებს, სხვადასხვა სახეობის ფრინველებს. შეგროვებულია მონაცემები ჯიხვის რიცხოვნობის შეფასებისათვის, მგლის საკვები რაციონის კვლევისა და გენეტიკური ანალიზისათვის.
გრიგოლეთის ბაზიდან კეთდებოდა როგორც საზღვაო გასვლები (უნივერსიტეტის კატერით), ისე სახმელეთო მარშრუტები აჭარასა და სამეგრელოში. სტუდენტები აკვირდებოდნენ სამივე სახეობის დელფინს, იღებდნენ მათთან შეხვედრის ადგილების კოორდინატებს GPS-სატელიტური ნავიგატორით, ითვლიდნენ მათ რიცხოვნობას, უღებდნენ ფოტოებს. შეგროვებულია მდიდარი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც მომდევნო ანალიზის შედეგად ცალკეული ინდივიდების და ჯგუფების იდენტიფიკაციის საშუალებას მოგვცემს.
სამეგრელოსა და აჭარაში არის ტერიტორიები, სადაც მგელი აღარ ბინადრობდა 50-60 წლის განმავლობაში და ხელახალი ათვისება ბოლო 5 წლის განმავლობაში დაიწყო. როგორც წესი, ეს ადგილები დასახლებული პუნქტების სიახლოვეს არის განლაგებული, ამიტომ კონფლიქტი მტაცებელსა და ადამიანს შორის აქ განსაკუთრებით დაძაბულ ხასიათს იღებს. მაგისტრანტებმა დაათვალიერეს ის ჰაბიტატები, სადაც მგელი ბოლო წლებში დასახლდა, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ მიერ მოკლული მგლისგან ქსოვილის სინჯი აიღეს, რომელიც გამოყენებული იქნება მგლის გენეტიკური კვლევისთვის.
გრიგოლეთში მუშაობის დროს ხდებოდა აგრეთვე შავი ზღვის თევზების კვლევა, მათი ანაზომების და წყლის სინჯების აღება.
ფრინველებზე დაკვირვების თვალსაზრისით საინტერესო იყო გასვლა პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
საველე სამუშაო წარმატებით ჩატარდა, რადგან შეგროვებულია საინტერესო მონაცემები სხვადასხვა სახეობის ძუძუმწოვრებზე, რომელიც დამუშავების შედეგად გამოყენებული იქნება ამ სახეობების მონიტორინგისა და ეკოლოგიური კვლევისათვის.
ეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტები და ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები მადლობას უხდიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას საველე პრაქტიკის ორგანიზებისთვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაცულ ტერიტორიებზე მუშაობაში ხელშეწყობისათვის.
http://www.youtube.com/watch?v=dSneK1quSxM
[wpai_display_imported_files_here]

