ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აქტიურად მონაწილეობდა ორ ინტენსიურ საერთაშორისო ონლაინტრენინგში, რომლებიც განხორციელდა PRODIGE-ის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას დისტანციური განათლების მიმართულებით.
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა 2026 წლის 26 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით და 24 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით და მოიცავდა დისტანციური განათლების ორ მნიშვნელოვან განზომილებას: ინოვაციურ სწავლა-სწავლების პრაქტიკებსა და სტუდენტზე ორიენტირებული ინსტიტუციური სერვისების შექმნას.
პირველი ტრენინგი დაეთმო თემას – სასწავლო კურსის მომზადება დისტანციური სწავლების პირობებში. ორკვირიანი შერეული ფორმატის ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცვნენ არსებულ პედაგოგიურ მიდგომებს, მათ შორის სიმულაციაზე დაფუძნებულ და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. სინქრონული სესიებისა და ასინქრონული მოდულების კომბინაციის საშუალებით აკადემიური პერსონალი გაეცნო პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ინტერაქტიული ციფრული სცენარების, ვირტუალური როლური თამაშებისა და ავთენტური, სტუდენტზე ორიენტირებული დავალებების შესაქმნელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი სასწავლო გამოცდილების დიზაინს, რომლიც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას, აგრეთვე შეფასების შესაბამისი სტრატეგიების ჩამოყალიბებას ციფრულ გარემოში.
მეორე ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სტუდენტთა ციფრული რეკრუტირების და მიღების სტრატეგიები, ასევე მათი ინტეგრაციის პროცესის დაგეგმვა. პროგრამის ფარგლებში ისაუბრეს სტუდენტური ცხოვრების განვითარების ინოვაციურ მიდგომებზე ვირტუალურ გარემოში, მათ შორის ონლაინ საზოგადოებების ფორმირება, ციფრული სტუდენტური სერვისების განვითარება და სტუდენტთა კეთილდღეობისა და ჩართულობის მხარდაჭერის მექანიზმები.
პროექტის შესახებ:
PRODIGE არის სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების დანერგვა. პროექტი შემუშავდა ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საქართველოს 10 წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით. პროექტის მიზანია ციფრული განათლების პოპულარიზაცია საქართველოში, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების და უმაღლესი განათლების დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
პროექტს კოორდინაციას უწევს EFMD.

