ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის „მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამის“ დირექტორის, პროფესორ ოთარ აბდალაძის თანაავტორობით სამეცნიერო ჟურნალ Science-ში (იმპაქტფაქტორი 47.3) გამოქვეყნდა სტატია „მცენარეთა გადაშენების ტემპების ზრდა ევროპის მთების მწვერვალებზე“ (Rising plant extinction rates on European mountain summits).
კვლევა ასახავს კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეულ მაღალმთის მცენარეულობის, როგორც საუკეთესო ბიოკლიმატური ინდიკატორის, ტრანსფორმაციის ტენდენციებს ევროპის მაღალმთიანეთში.
ნაშრომი შესრულებულია GLORIA-ს საერთაშორისო სამონიტორინგო ქსელის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ევროპის ყველა მთათა სისტემას (საქართველოში – ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ცენტრალური კავკასიონი).
ცნობილია, რომ კლიმატის დათბობა ხელს უწყობს ალპურ ეკოსისტემებში სახეობრივი სიმდიდრის ზრდას. თუმცა გაურკვეველი რჩება, მცენარეული მრავალფეროვნების ეს მატება რამდენად ნიღბავს იმავდროულად მიმდინარე ადგილობრივი სახეობების გადაშენების პროცესებს. ამასთან, გადაშენების პროცესი, როგორც წესი, სახეობის არეალის ქვედა საზღვართან ხდება, სადაც იმატებს კონკურენცია უფრო დაბალი სიმაღლეებიდან შემოჭრილ მცენარეთა მხრიდან. განსაკუთრებული ხიფათი ემუქრება მწვერვალების მიდამოებში მოზარდ სახეობებს, ვინაიდან მათ სიმაღლეში არეალის გაფართოების საშუალება არ გააჩნიათ. ნაკლები ყურადღება, რომელიც სახეობათა გაქრობას ექცეოდა, შესაძლებელია აიხსნას იმით, რომ ლოკალური გადაშენების ფაქტის დამტკიცება გაცილებით რთულია, ვიდრე ტერიტორიის ლოკალური კოლონიზაციის ფაქტებისა.
კვლევაში გაანალიზებულია ევროპის მაღალმთიანი რეგიონების 62 მწვერვალზე განლაგებული 896 პერმანენტული სამონიტორინგო ნაკვეთის განმეორებითი აღწერები უკანასკნელი 21 წლის განმავლობაში. ნაჩვენებია, რომ: (1) სახეობათა ლოკალური გადაშენების სიხშირე იმატებს (შესწავლილი კვლევის ადგილებიდან 16-ში დაფიქსირებულია სახეობათა ლოკალური გადაშენება); (2) გადაშენების ტემპები იზრდება დათბობის მატებასთან ერთად; (3) სახეობათა გადაშენება უფრო ხშირად ფიქსირდება მათი არეალების ქვედა საზღვრებთან, აგრეთვე თერმოფილიზაციას მეტად დაქვემდებარებულ მცენარეულ საზოგადოებებში, და უმეტესად შეინიშნება გაზრდილი დათბობის პერიოდების მომდევნო წლებში; (4) გამოვლენილია მნიშვნელოვანი კავშირი სახეობათა ლოკალურ გადაშენებასა და მის წინმსწრებ რიცხოვნობის შემცირებასთან, რაც შესაძლებელია განიხილებოდეს, როგორც მომავალი ცვლილებების (სახეობათა კარგვის) ინდიკატორი.
მიღებული მონაცემები პირდაპირ მიუთითებს, რომ მიუხედავად ტყის კლიმატური საზღვრის ზემოთ სახეობათა მრავალფეროვნების ზრდისა, მცენარეული საზოგადოებები კონკრეტული ტერიტორიისთვის ყველაზე დამახასიათებელი სახეობების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.
სტატიის წაკითხვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.science.org/doi/10.1126/science.aed2974

