ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და HZDR-ს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა (ISU) და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრს (HZDR) შორის გაფორმდა მემორანდუმი კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით. დოკუმენტს 7 სექტემბერს საქართველოში ვიზიტის დროს ხელი მოაწერეს HZDR-ის სამეცნიერო დირექტორმა და გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ხელმძღვანელმა, პროფესორმა სებასტიან შმიდტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ.

ხელშეკრულება ეფუძნება ილიაუნისა და HZDR-ს შორის გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წარმატებულ თანამშრომლობას, რომელმაც სამეცნიერო გაცვლისა და თანამშრომლობის არაერთი შესაძლებლობა შექმნა განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის. ახალი თანამშრომლობის ჩარჩო მიზნად ისახავს ამ კავშირის კიდევ უფრო განვითარებას ერთობლივი კვლევითი საქმიანობის, მკვლევრებისა და დოქტორანტების მობილობის, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში ერთობლივი მონაწილეობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 -11 სექტემბერს თბილისში მიმდინარე GGSB-ს ღონისძიების GGSB 2026: A Student and Collaboration Workshop – “Science at Existing and Planned SMART|Labs in Georgia” ერთ-ერთი მასპინძელია. ილიაუნი HZDR-თან თანამშრომლობის გაგრძელებას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობისა და გრძელვადიანი სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას გეგმავს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი