3-9 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ცუკუბას უნივერსიტეტის პროექტის „მულტიკულტურული სასწავლო პროგრამა – გავეცნოთ ქართულ კულტურას და ვიფიქროთ რეგიონების განვითარებაზე“ ფარგლებში თბილისს ეწვია ცუკუბას უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი პროექტის ავტორის, პროფესორ ჰაიატე სოტომეს ხელმძღვანელობით. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ასოცირებული პროფესორის, ჯაბა მესხიშვილის ხელმძღვანელობით.
3 სექტემბერს პროექტი გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი გვალიამ, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ჯაბა მესხიშვილმა და ცუკუბას უნივერსიტეტის პროფესორმა ჰაიატე სოტომემ. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მასაჰირო უეკიმ წაიკითხა საჯარო ლექცია „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში“, ხოლო ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ თორიამ – „მეხსიერება, კონფლიქტი და ევროპული მისწრაფებები: თანამედროვე საქართველო“.
პროექტის მიზანი იყო ქართული ენისა და კულტურის, ასევე ქვეყნის გეოგრაფიული და პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით ცუკუბას უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტებს ემსჯელათ თანამედროვე საქართველოსა და იაპონიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის რეგიონების დაცლაზე (დეპოპულაციაზე), რეგიონულ განვითარებასა და ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე.
პროექტის მონაწილეები წნორის „ცოდნის კაფეში“ შეხვდნენ ადგილობრივ ახალგაზრდებს და იმსჯელეს ორივე ქვეყნის კულტურისა და რეგიონების პრობლემების შესახებ. სტუდენტებმა რეგიონების სოციალური გამოწვევების მიმართ პრაქტიკული მიდგომები და რეკომენდაციები შეიმუშავეს, ასევე გამართეს ვორკშოპი იაპონური კულტურის შესახებ. ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და პრობლემების უკეთ გასაცნობად მოინახულეს სიღნაღი, ბოდბის მონასტერი, სტეფანწმინდა, გერგეთის სამება, მცხეთა და ძველი თბილისი.
9 სექტემბერს ჯგუფებად დაყოფილმა სტუდენტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს, ისაუბრეს რეგიონების სოციალური გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკული მიდგომებისა და რეკომენდაციების შესახებ.
იმავე დღეს ჰიდეკი იშიძუკამ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა პროექტის მონაწილეებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს, ვიცე-რექტორს, პროფესორ გიორგი გვალიასა და ცუკუბა-ილიას თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენელ იასუჰირო კოჯიმას.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა 2025 წლის დეკემბერში ცუკუბას უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. დოკუმენტი ორ უნივერსიტეტს შორის აქტიური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მემორანდუმის ფარგლებში 2026 წლის მაისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცუკუბა-ილიას თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა და დაიწყო სტუდენტების გაცვლის პროექტი.

