შარშან წლის მიწურულს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში რექტორატის ინიციატივით სპორტკომპლექს ქარიშხალას ბაზაზე ჩამოყალიბდა წყალბურთის კლუბი ლიგამუსი, სადაც დღეს სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები ვარჯიშობენ. უფროსი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.
თბილისის დინამოს ყოფილი კაპიტნის, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის, საკავშირო ნაკრების წევრის, მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონის, მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულისა და საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადების ორგზის ბომბარდირის ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით ამას წინათ (ზურაბ ჭუმბურიძემ, ბექა ქენქაძემ, გურამ კოტარიამ, ნოდარ რაფავამ, გალაქტიონ ლაითიაძემ, გიორგი ხვედელიანმა, ზურაბ რურუამ, კოტე გელაშვილმა და ტატო ნიკოლაიშვილმა) ევროპის B ჩემპიონატში იასპარეზეს, რომელსაც შვეიცარიულმა ლუგანომ უმასპინძლა. სასტარტო მატჩში პოლონელებს სძლიეს 16:3, შემდეგ დიდი ბრიტანეთის ძლიერი გუნდი დაამარცხეს 10:9. მიკერძოებული მსაჯობის გამო მალტელებთან ორთაბრძოლა ორი ბურთის სხვაობით (10:12) დათმეს, ჰოლანდიასთან 6:10 წააგეს, შვეიცარიას კი 19:10 აჯობეს და ქვეჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს. მომდევნო ეტაპზე უკრაინელები დაჯაბნეს 10:5, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბელარუსებთან დამარცხდნენ 13:15 და საბოლოოდ მე-8 ადგილი დაიკავეს, რაც ევროპულ სარბიელზე დებიუტისთვის ურიგო არ არის.
გუნდის კაპიტანმა ზურაბ რურუამ მეტოქეთა კარში 22 ბურთი გაიტანა და ინგლისელ სკოთ ჰარპენტენთან ერთად ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
[wpai_display_imported_files_here]

