ილიაუნის მეცნიერთა ახალი კვლევა ვერეს ხეობის მეწყრულ პროცესებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მკვლევრებმა შვეიცარიულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში MDPI Geomatics (Q1 და Q2 უმაღლესი კატეგორიის ჟურნალი) გამოაქვეყნეს ახალი კვლევა მდინარე ვერეს ხეობაში მეწყრული პროცესების შესახებ.

2015 წლის 13-14 ივნისის კატასტროფიდან 11 წლის შემდეგ ვერეს ხეობაში ფერდობების სტაბილურობა კვლავ მნიშვნელოვანი საკითხია.

მკვლევრებმა სატელიტური რადარული დაკვირვებების (SBAS InSAR), დრონით გადაღებული მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებისა და რიცხვითი მოდელირების  გამოყენებით შეისწავლეს 2015 წლის მეწყრის მიმდებარე ფერდობის თანამედროვე მდგომარეობა.

კვლევამ გამოავლინა, რომ ფერდობზე კვლავ შეინიშნება გრუნტის ნელი მოძრაობა ხოლო მისი მდგრადობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის ფოროვანი წნევის ცვლილების მიმართ.

შედეგები ხაზს უსვამს ვერეს ხეობაში მეწყრული პროცესების სისტემატური მონიტორინგისა და საფრთხეების დროული შეფასების აუცილებლობას.

კვლევაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

ნაშრომი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://doi.org/10.3390/geomatics6050122

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (YS-22-826) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი