ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივმა ინიციატივამ ევროკავშირის უმსხვილესი კვლევისა და ინოვაციების პროგრამის Horizon Europe-ის დაფინანსება მოიპოვა.
პროექტი ACTS – „თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის დაჩქარება ევროპის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში“ (Accelerating Tobacco Cessation within Healthcare Systems of European LMICs: A Multi-Country Implementation-Effectiveness Trial) 158 წარდგენილ განაცხადს შორის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა და ოთხ გამარჯვებულს შორის დასახელდა.
პროექტი მასშტაბური კვლევაა, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელია დავით ოთიაშვილი. სამუშაოები ოთხ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთში, სერბეთსა და ალბანეთში განხორციელდება. ინიციატივა ფოკუსირებულია იმპლემენტაციის მეცნიერებაზე, რათა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სერვისები რუტინული ჯანდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდეს.
საერთაშორისო კონსორციუმი 9 ქვეყნის 12 პარტნიორ ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის: საქართველო, გერმანია, ალბანეთი, სომხეთი, სერბეთი, ბელგია, ჩეხეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი.
ACTS-ის საბოლოო მიზანია არაგადამდები დაავადებების მძიმე ტვირთის შემცირება მასშტაბური, მრავალქვეყნიანი კვლევის მეშვეობით.

