ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰერპეტოლოგიური ჯგუფის წევრებმა, პროფესორმა დავით თარხნიშვილმა და მკვლევრებმა – ნათია ბარათელმა და გიორგი იანქოშვილმა თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორ ევსეი კოსმანთან თანამშრომლობით გავლენიან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Biology-ში სტატია გამოაქვეყნეს.
სტატიის მიხედვით, პართენოგენეზული კლდის ხვლიკები ჰიბრიდული წარმოშობის არიან. მათი მშობელი სახეობები მილიონობით წლის განმავლობაში დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ, რის გამოც ჰიბრიდები ყოველთვის სრულყოფილად არ ვითარდებიან. ამის შედეგია სხვადასხვა ანომალია, მათ შორის – ორთავიანობა და/ან ერთ კვერცხში ორი ემბრიონის განვითარება.
თუმცა, ამავე მიზეზით პართენოგენეზულ ხვლიკებში იზრდება ინდივიდუალური ცვალებადობა. კვლევისთვის საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ, მიუხედავად გენეტიკური ერთფეროვნებისა, მათ გარეგნულ ნიშნებში (ქერცლების განლაგებაში) მკაფიო ცვალებადობა გამოვლინდა. ეს პროცესი, ზუსტად ისე, როგორც სქესობრივ სახეობებში, დაკავშირებულია გეოგრაფიულ მდებარეობასა და კლიმატურ პირობებთან.
ზემოთ აღნიშნული მიანიშნებს, რომ გარემოზე პირდაპირი, არაგენეტიკური რეაქციები შესაძლოა ნაწილობრივ ანაზღაურებდეს გენეტიკური მრავალფეროვნების ნაკლებობას და ხვლიკებს ცვალებად გარემოსთან შეგუებაში ეხმარებოდეს. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ პართენოგენეზული ხვლიკების დარღვეული განვითარების ჰომეოსტაზი შესაძლოა სასარგებლოც იყოს.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.mdpi.com/2079-7737/15/11/882

