სასწავლო ტური და ონლაინ ტრენინგი პროექტის PRODIGE ფარგლებში

2026 წლის აპრილ–მაისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PRODIGE პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ორ საერთაშორისო პროფესიული განვითარების ტრენინგში, რომლებიც ციფრული განათლების განვითარებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს ეძღვნებოდა.

20 აპრილიდან 11 მაისამდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩაერთნენ ონლაინ ტრენინგში „ციფრული განათლება, როგორც ინტერნაციონალიზაციის მამოძრავებელი“(Using Distance Education as a Driver for Internationalization). ტრენინგი აერთიანებდა სინქრონულ და ასინქრონულ სასწავლო აქტივობებს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა გაეანალიზებინათ, თუ როგორ უწყობს ხელს დისტანციური და შერეული სწავლება უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ვირტუალური და შერეული მობილობა, „ინტერნაციონალიზაცია სახლში“ (Internationalisation at Home), საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება და დისტანციური განათლების ინტეგრირება ინსტიტუციურ სტრატეგიებში. ტრენინგის ფარგლებში მათ ასევე შეიმუშავეს ინსტიტუციური სამოქმედო გეგმების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ციფრული განათლების გამოყენებით უნივერსიტეტების საერთაშორისო პროფილის გაძლიერებას.

25–29 მაისს ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ხორვატიაში, ალგებრა ბერნაისის უნივერსიტეტში (Algebra Bernays University) გამართულ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტსა და ტრენინგში, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული განათლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას შეეხებოდა. პროგრამა მოიცავდა ლექციებს, სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს, რომელთა ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის (Digital Education Action Plan 2021–2027), ჰიბრიდული და სრულად ონლაინ სწავლების მოდელების, სტუდენტური საინფორმაციო სისტემების, სასწავლო მართვის სისტემების (LMS) და ციფრული განათლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

პროექტის შესახებ

სტრუქტურული რეფორმის პროექტი PRODIGE მიზნად ისახავს საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების განვითარების ხელშეწყობას. პროექტი აერთიანებს ევროპულ და ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

პროექტის მიზანია ციფრული განათლების სფეროში პოლიტიკისა და რეგულაციების გაუმჯობესება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება და ხარისხიანი, ინკლუზიური და მდგრადი ციფრული საგანმანათლებლო გარემოს განვითარება.

პროექტის კოორდინატორია EFMD.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი