ილიაუნის პროფესორის, ოთარ აბდალაძის თანაავტორობით მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში ორი სტატია გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამის დირექტორის, პროფესორ ოთარ აბდალაძის თანაავტორობით ორი სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო პერიოდულ გამოცემებში: Global Change Biology (იმპაქტ-ფაქტორი 12.5) და Nature Ecology & Evolution (იმპაქტ-ფაქტორი 17.1).

სტატიები ეძღვნება კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული მაღალმთის მცენარეულობის, როგორც საუკეთესო ბიოკლიმატური ინდიკატორის, ტრანსფორმაციის ტენდენციებს. კვლევები შესრულებულია GLORIA-ს საერთაშორისო სამონიტორინგო ქსელის  ფარგლებში, რომელიც მოიცავს ევროპის ყველა მთათა სისტემას (საქართველოს შემთხვევაში ეს არის ყაზბეგის რ-ნი, ცენტრალური კავკასიონი).

სტატიაში “Widespread Shrubification on European Mountain Summits” ორი დეკადის განმავლობაში შესწავლილი 576 მუდმივმოქმედი სამონიტორინგო საიტის მასალაზე დაყრდნობით ნაჩვენებია ევროპის მაღალმთიანეთში ბუჩქნარი ეკოსისტემების ექსპანსია (დაფარულობა საშუალოდ 2.6%-ით გაიზარდა). ამასთან, მარადმწვანე სახეობების ექსპანსია უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე –ფოთოლმცვენისა. ბუჩქნარების ექსპანსია ევროპის მაღალმთიანეთში უკვე ფართოდ გავრცელებული ფენომენია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს შორს მიმავალი შედეგები მაღალმთის მცენარეულობის დინამიკისთვის, მიკროკლიმატისთვის, ნიადაგისთვის, თოვლის აკუმულაციისთვის, ნახშირბადის წრებრუნვისთვის, კვებითი ჯაჭვებისა და ადამიანის ცხოველმოქმედებისთვის.

მეორე სტატიაში “Widespread thermophilization but weak link to climate warming in Europe’s summit plant communities” აღნიშნულია, რომ მაღალმთის მცენარეულობაში მიმდინარე ცვლილებები დაკავშირებულია სითბოსმოყვარულ სახეობათა ზრდასთან (თერმოფილიზაცია).  კვლევაში ასევე ორი დეკადის განმავლობაში ევროპის 53 მთის მწვერვალის მონაცემებით განხილულია 724 სამონიტორინგო საიტის მასალა (მაკრო- და მიკროკლიმატური ტემპერატურები და ფიტოსოციოლოგიური აღწერები) და გამოვლენილია მცენარეული საზოგადოებების თერმოფილიზაცია (თერმოფილური სახეობების – კოლონიზატორების მატება) და ტემპერატურის ზრდა. აღსანიშნავია, რომ თერმოფილიზაციის სიჩქარეზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს სუბსტრატის მაჩვენებლები.

სტატიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულებზე:

Vanneste, T., H. Pauli, S. Dullinger, Graae B. J., Abdaladze O. et al. (2026): “Widespread Shrubification on European Mountain Summits”, Global Change Biology 32, no. 3:e70786: https://doi.org/10.1111/gcb.70786.

Hausharter, J., Wessely, J., Helm, N., Chytrý K., Hülber K., MoserD., García Lino M.C., Kagerl K., Lamprecht A., Lenoir J., Kollert A., Mayr A., Rutzinger M., Choler P., De Frenne P., Lembrechts J.J., Abdaladze O. et al. “Widespread thermophilization but weak link to climate warming in Europe’s summit plant communities”, Nat Ecol Evol (2026): https://doi.org/10.1038/s41559-026-03150-x

გაიგე მეტი

გაიგე მეტი