ილიაუნის მკვლევრები SOVA-S თანამგზავრულ მისიაში ჩაერთვნენ

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ახალი თანამგზავრული მისია – SOVA-S დაამტკიცა, რომლის სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფში შვიდი ქვეყნის ცხრა მეცნიერთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასოცირებული პროფესორი გოდერძი დიდებულიძე Goderdzi Didebulidze შეირჩა. იგი ჯგუფში ატმოსფეროს ნათებისა და იონოსფეროს ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს.

SOVA-S არის European Space Agency-ის Scout პროგრამის ფარგლებში 2025 წლიდან მიმდინარე დედამიწის დაკვირვებების მეხუთე თანამგზავრული მისია. პროექტი ითვალისწინებს სამწლიან მოსამზადებელ ეტაპს და თანამგზავრის მინიმუმ ორწლიან ოპერირებას, ხოლო მისი ორბიტაზე გაშვება 2030 წლიდან არის დაგეგმილი.

თანამგზავრი აღჭურვილი იქნება მოკლეტალღოვანი ინფრაწითელი იმიჯერით და 80-დან 120 კილომეტრამდე სიმაღლეზე გრავიტაციულ ტალღებს ყოველდღიურად დააკვირდება. ეს პროცესი უშუალოდ ზედა ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიური რეაქციებით გამოწვეული ნათების გაზომვით განხორციელდება.

ეს უნიკალური მისია, რომელიც ჩეხი და გერმანელი მეცნიერების ინიციატივით შეიქმნა, უმნიშვნელოვანესია კლიმატის ცვლილების, კოსმოსური ამინდისა და ატმოსფეროს დინამიკის შესასწავლად. აღსანიშნავია, რომ მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ზედა ატმოსფეროში იონოსფერული სპორადული E ფენების ფორმირების კვლევაა. ამ მოვლენის პროგნოზირების თეორიული მოდელი სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გოდერძი დიდებულიძის ხელმძღვანელობითა და მკვლევართა გუნდის (გიორგი დალაქიშვილი, მაია თოდუა და ლექსო ტორიაშვილი) მონაწილეობით შეიქმნა.

საერთაშორისო თანამშრომლობა ქართველ მეცნიერებს უახლესი კოსმოსური ტექნოლოგიებით მიღებული მონაცემების კვლევებსა და საუნივერსიტეტო სწავლებაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

მისიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროპული კოსმოსური სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი