14 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პერსონალის სამუშაო შეხვედრა ჩეხეთის დიპლომატიური, სამეცნიერო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მთავარი თემა იყო საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პოტენციალის შეფასება და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე პეტრ იეჟეკი, ჩესკე ბუდეოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის მეთევზეობისა და დაცული წყლების ფაკულტეტის წარმომადგენელი იან რეგენდა და კომპანია GRYF-ის დირექტორი მიხაილ იანეჩეკი.
მხარეებმა განიხილეს აკვაკულტურის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, ჩეხეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ინიცირება, აკადემიური და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების პერსპექტივები.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების მზადყოფნა კონკრეტული ერთობლივი ინიციატივებისა და პრაქტიკული პროექტების განსახორციელებლად.

