ილიაუნის ასისტენტ-მკვლევარი ტატიანა სიჭინავა პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ტატიანა სიჭინავა პასკალის პრემიით დაჯილდოვდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Journal of International Migration and Integration სტატიის Unveiling the Active Role of Skilled Immigrant Women as Intermediaries and Developers: A Case Study in Batumi, Georgia გამოქვეყნებისთვის.

გამოცემა: Springer Nature-ის საერთაშორისო, რეცენზირებადი და ინტერდისციპლინური ჟურნალი Journal of International Migration and Integration საერთაშორისო მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება. ჟურნალი Clarivate Analytics-ის Web of Science Core Collection-ის Emerging Sources Citation Index-ში (ESCI) და Scopus-შია ინდექსირებული. ჟურნალის 2025 წლის იმპაქტფაქტორია 2.0, ხოლო ხუთწლიანი იმპაქტფაქტორი – 2.3.

აბსტრაქტი

სტატია იკვლევს ბათუმში მცხოვრები კვალიფიციური მიგრანტი ქალების მიგრაციისა და ინტეგრაციის გამოცდილებას. ნაშრომი შემთხვევების შესწავლისა და სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე აანალიზებს მათ როლს ურთიერთდახმარების ქსელების შექმნაში, ახალჩამოსულ მიგრანტებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის შუამავლობაში, ცოდნის გაცვლასა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობაში. კვლევა მიგრანტ ქალებს წარმოაჩენს საზოგადოებრივი ცვლილებებისა და განვითარების მნიშვნელოვან მონაწილეებად.

2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3 000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი