სასტიპენდიო და სტაჟირების ახალი პროგრამები აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ორ ახალ ქვეპროგრამას იწყებს. ინიციატივის მთავარი მიზანია ახალგაზრდების წახალისება, პროფესიული უნარების განვითარება, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა. პროგრამები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების (ძირითადად ხელოვნების მიმართულების) სტუდენტებისთვის.

სახელობითი სტიპენდიები კულტურისა და ხელოვნების სფეროში

სტიპენდია წესდება 9 სტუდენტისთვის. სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში სტიპენდიატები ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ.

პროგრამა მოიცავს სამი მიმართულების სახელობით სტიპენდიას:

  • ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სტიპენდია – სახვითი ხელოვნების, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, დიზაინისა და მედიახელოვნების მიმართულების წარმატებული სტუდენტებისთვის;
  • დიმიტრი ჯაიანის სახელობის სტიპენდია – თეატრისა და კინოს მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევების მქონე სტუდენტებისთვის;
  • გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდია – საშემსრულებლო, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მიმართულებით გამორჩეული ახალგაზრდებისთვის.

 

სტუდენტებს შეაფასებენ ფესტივალებში, გამოფენებში, კინო და მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობით, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი მიღწევით. თანაბარი შემოქმედებითი მიღწევების შემთხვევაში უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს მიენიჭებათ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

სტაჟირების პროგრამა

სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის. მონაწილეები 4 თვის განმავლობაში შეძლებენ პროფესიული გამოცდილების მიღებას შემდეგ შემოქმედებით კოლექტივებში:

  • სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“;
  • სსიპ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა;
  • სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
  • სსიპ გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
  • ა(ა)იპ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

 

სტაჟირება არაანაზღაურებადია და დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა. შერჩევის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება და მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.


სარეგისტრაციო ინფორმაცია და ვადები

ორივე პროგრამაზე განცხადებები მიიღება 30 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

მსურველებს საბუთების წარდგენა შეუძლიათ  სამინისტროში (მისამართი: დ. უზნაძის ქ. N68) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ელექტრონული პორტალის მეშვეობით (https://portal.abkhazia.gov.ge)

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამინისტროს საკონტაქტო ნომერზე: 577 34 85 34

გაიგე მეტი

გაიგე მეტი