ილიაუნის სტუდენტური გუნდების წარმატება ფუტსალისა და მინიფეხბურთის ჩემპიონატებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალისა და მინიფეხბურთის სტუდენტურმა გუნდებმა საუნივერსიტეტო ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელია დავით თაბაგარი.

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მაისსა და ივნისში ჩატარებულ ფუტსალის ჩემპიონატზე ილიაუნის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2, დასრულდა, პენალტების სერიაში კი ილიაუნიმ გაიმარჯვა. აღსანიშნავია გუნდის მეკარის, საბა კუხიანიძის როლი, რომელმაც მოწინააღმდეგის სამი 6-მეტრიანი დარტყმა მოიგერია.

პარალელურად, „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გაიმართა მინიფეხბურთის ჩემპიონატი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. ნახევარფინალურ მატჩში სტუდენტებმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი დაამარცხეს, ფინალურ შეხვედრაში კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 4:6 დამარცხდნენ.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი