ჟან მონეს კათედრის პროექტის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში (2023-2026)“  ფარგლებში ილიაუნის პროფესორმა გიორგი გვალიამ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, სკოლასა და საგანმანათლებლო სივრცეში გამართა საინფორმაციო შეხვედრები და ლექციები სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, მოსწავლეებისა და დაინტერესებული მსმენელისთვის.

პროფესორმა გიორგი გვალიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჟან მონეს კათედრის პროექტის მიზნები და წარადგინა მისი ავტორობით ახლად გამოცემული წიგნი „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“. წიგნის ეგზემპლარები საჩუქრად გადასცეს შეხვედრების მონაწილე სკოლებისა და უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს.

შეხვედრებზე გიორგი გვალიამ წაიკითხა ლექციები ევროკავშირსა და ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის:  ევროპული ინტეგრაციის ისტორია,  მისი მიღწევები და გამოწვევები; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; ევროკავშირის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან; რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გავლენა ევროკავშირსა და გაფართოების პროცესზე; ევროკავშირის ურთიერთობები წამყვან გლობალურ ძალებთან; ევროკავშირის როგორც ნორმატიული საერთაშორისო აქტორის, როლი და სხვ.

ილიაუნის სტეფანწმინდის ბაზაზე მოეწყო საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომელიც მიეძღვნა უსაფრთხოების საკითხებს ფართო ევრაზიულ რეგიონულ კონტექსტში. ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი გვალიამ წაიკითხა ლექცია ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების – ევროკავშირის როლის, ინტერესებისა და რეგიონის გამოწვევების შესახებ.

პროექტის შესახებ ინფორმაცია ასევე წარმოდგენილი იყო თბილისში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე.

ღონისძიებების მიზანი იყო ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ევროპულ ინტეგრაციაზე დისკუსიის ხელშეწყობა და ჟან მონეს კათედრის პროექტის მიზნების პოპულარიზაცია.

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი