მკვლევარი ლადო შავაძე პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ლადო შავაძე დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Zootaxa (2026 წლის ნომერი) გამოქვეყნებული სტატიისთვის The subfamily Haplophthalminae (Isopoda, Oniscidea, Trichoniscidae) from Georgian caves (Caucasus), with descriptions of a new genus and two new species.

ჟურნალი Zootaxa ინდექსირებულია Clarivate Analytics-ის ბაზაში (იმპაქტფაქტორი 0.9). აიგენფაქტორის ქულის მიხედვით მეორე ადგილი უკავია ზოოლოგიის მიმართულების 183 ჟურნალს შორის.

სტატიის შესახებ

სტატია ეხება საქართველოს მღვიმეებში მობინადრე ტროგლობიონტი ხმელეთის ტოლფეხიანების სახეობებს, რომლებიც მიეკუთვნებიან Trichoniscidae-ის ოჯახის  ქვეოჯახს Haplophthalminae. კვლევაში აღწერილია Colchidoniscus-ის გვარის ახალი სახეობა Colchidoniscus fissus Taiti & Shavadze, sp. nov., ასევე ახალი გვარი და სახეობა Imeretioniscus tricostatus Taiti & Shavadze, gen. et sp. nov.

ქვესახეობა Colchidoniscus kutaissianus motenae Borutzky-ს (1974) მინიჭებული აქვს სახეობის რანგი. ნაშრომში განხილულია სადიაგნოზო ნიშან-თვისებები და მსგავსება ყველა ტაქსონისათვის, ასევე მოცემულია სახეობების სარკვევი.

პრემიის შესახებ

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ერთ კანდიდატზე ჯილდო გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

 

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი