პროფესორი ნათია სურმანიძე პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია სურმანიძე დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში TEM JOURNAL-TECHNOLOGY EDUCATION MANAGEMENT INFORMATICS (2025 წლის ნომერი) გამოქვეყნებული სტატიისთვის Navigating the E-Commerce Landscape: Consumer Behavior in Georgia.

ჟურნალი TEM JOURNAL-TECHNOLOGY EDUCATION MANAGEMENT INFORMATICS ინდექსირებულია Clarivate Analytics-ის ბაზაში (იმპაქტფაქტორი 0.7). აიგენფაქტორის ქულის მიხედვით 139-ე ადგილი უკავია კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმაციული სისტემების მიმართულების 259 ჟურნალს შორის.

სტატიის შესახებ

სტატია იკვლევს ელექტრონული კომერციის სექტორში ქართველ მომხმარებელთა ქცევას და აანალიზებს ხარჯვის პატერნებს, პრეფერენციებს მოწყობილობებისა და სასაქონლო კატეგორიების მიხედვით, ასევე მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს. კვლევა ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ სქესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ხარჯვის ქცევაზე, ისე მოწყობილობების არჩევანზე.

რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით შეგროვდა 1900 მომხმარებლის მონაცემები, რის საფუძველზეც შეფასდა დემოგრაფიული პარამეტრები, კმაყოფილება და გამოყენების პატერნები. შედეგები ცხადყოფს, რომ ქართველი მომხმარებლები სიფრთხილეს იჩენენ ნივთების ონლაინ ყიდვისას. კომპიუტერთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ მობილურ ტელეფონს, რაც ხაზს უსვამს e-commerce სექტორისთვის მობილურ პლატფორმებზე ადაპტაციის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო აქტიურად მონაწილეობენ ხშირად ყიდულობენ ონლაინ, მამაკაცები ერთ ტრანზაქციაზე უფრო მეტს ხარჯავენ, განსაკუთრებით ტექნიკაზე.

კვლევა ასევე ავლენს ძირითად გამოწვევებს, მათ შორის ლოჯისტიკის პრობლემებს, „მიწოდების პარადოქსსა“ და ფიზიკური მაღაზიების მიმართ უფრო დიდ ნდობას. შედეგად ხაზგასმულია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების, ნდობის გაძლიერებისა და კონკურენტული ფასების მნიშვნელობა. აღნიშნული მიგნებები მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის, ისე პოლიტიკის შემქმნელებისთვის საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარების ოპტიმიზაციისთვის.

პრემიის შესახებ

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ერთ კანდიდატზე ჯილდო გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

 

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი