ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ გიორგი მელაძის თანაავტორობით ჟურნალში AJPM Focus გამოქვეყნდა ახალი კვლევა: „Correlation of Drug Regulation Stringency with Global Drug Use Patterns: A Cross-Sectional Study“ (ნარკორეგულაციის სიმკაცრის კორელაცია ნარკოტიკების მოხმარების გლობალურ ტენდენციებთან: ჯვარედინი სექციური კვლევა).
ნაშრომის თანაავტორები ასევე არიან: კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ჩახუნაშვილი (MD, PhD), ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ჩახუნაშვილი (MD, PhD) და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ეკა კვირკველია (MD).
კვლევა სწავლობს პოლიტიკური დებატებისთვის აქტუალურ საკითხს: არის თუ არა კავშირი მკაცრ ნარკოკანონმდებლობასა და ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას შორის. კვლევის ფარგლებში 180-მდე სახელმწიფოსა და ტერიტორიის მონაცემების გამოყენებით შეიქმნა ინდექსი, რომელიც ზომავს ეროვნული ნარკოპოლიტიკის სიმკაცრეს. ასევე გათვალისწინებულია უფლებებზე ორიენტირებული მიდგომები და ფართო სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ნაშრომში შეფასებულია, როგორ არის ეს ფაქტორები დაკავშირებული ინტრავენური და არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების გავრცელებასთან.
კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ წარმოდგენას კანონების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. როდესაც გათვალისწინებულია ბევრი ფაქტორი, არც ნარკოკანონმდებლობის სიმკაცრე და არც მისი შესაბამისობა უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებთან არ წარმოადგენს ნარკოტიკების მოხმარების დონის მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორს. ამის ნაცვლად უფრო თანმიმდევრული კავშირი იკვეთება ისეთ ცვლადებთან, როგორებიცაა ალკოჰოლის მოხმარება და ზოგადი სოციალური დინამიკა. ამასთან, მონაცემები აჩვენებს მნიშვნელოვან პარადოქსს: ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებსა და ნარკოტიკების მოხმარებას შორის ფიქსირდება პირდაპირპროპორციული კავშირი, რაც დიდი ალბათობით უკავშირდება უკეთეს მმართველობასა და მონაცემთა უკეთეს აღრიცხვას.
ამ მიგნებას მივყავართ ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე: ნარკოტიკების მოხმარება ვერ იქნება სრულად გააზრებული ან ეფექტურად მართვადი მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა, რომელიც აერთიანებს სამართლებრივ ანალიზს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკას, ქცევით მეცნიერებებსა და სოციალურ-ეკონომიკურ კონტექსტს, რათა უკეთ განისაზღვროს, სად და როგორ შეიძლება პოლიტიკამ რეალური შედეგი მოიტანოს.
პუბლიკაციის ბმული: https://doi.org/10.1016/j.focus.2026.100499

