ილიაუნის მკვლევართა სტატია „კავკასიის ტყის ზედა საზღვრის არყნების (Betula spp.) ეკოლოგიური ნიშის დინამიკა პლეისტოცენის, ჰოლოცენისა და კლიმატის მომავალი ცვლილებების პირობებში“ საერთაშორისო ჟურნალში Trees, Forests and Peopl

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა – ილია აკობიამ, ვასილ მეტრეველმა, ქეთევან უგრეხელიძემ – და ასოცირებულმა პროფესორებმა – ქეთევან ბაცაცაშვილმა და ზურა ჯავახიშვილმა – მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Trees, Forests and People გამოაქვეყნეს სტატია „კავკასიის ტყის ზედა საზღვრის არყნების (Betula spp.) ეკოლოგიური ნიშის დინამიკა პლეისტოცენის, ჰოლოცენისა და კლიმატის მომავალი ცვლილებების პირობებში“.

კავკასიის სუბალპური ტყეების ერთ-ერთი საკვანძო ფორმაცია, ტყის ზედა საზღვრის არყნარები (Betula spp.) უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ სერვისებს და, ამავდროულად, განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული მზარდი საფრთხეების მიმართ.

ეკოლოგიური ნიშის მოდელირებით შეფასდა არყნარი ჰაბიტატების დინამიკა სხვადასხვა დროით მასშტაბში: უკანასკნელი გამყინვარების მაქსიმუმი (LGM), შუა ჰოლოცენი (MH), თანამედროვე პერიოდი და 2100 წლის პროგნოზები სამი საერთო სოციალურ-ეკონომიკური ტრაექტორიის (SSP126, SSP370, SSP585) მიხედვით, MIROC და CMCC-ESM2 კლიმატური მოდელების გამოყენებით.

დომინანტური პროგნოზული ცვლადები თერმული მაჩვენებლები იყო, კერძოდ, ყველაზე თბილი (Bio10) და ყველაზე ცივი (Bio11) კვარტლების საშუალო ტემპერატურა, რასაც ემატებოდა სეზონური ნალექები (Bio18, Bio19). პალეოკლიმატურმა რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ LGM-ის პერიოდში არყის სახეობები კოლხეთისა და ჰირკანის რეფუგიუმებში (თავშესაფარ ზონებში) შეზღუდული იყვნენ, ხოლო უფრო ნალექიანი და შედარებით თბილი შუა ჰოლოცენის დროს მათი არეალი გაფართოვდა.

თანამედროვე პირობები წარმოადგენს ეკოლოგიურ ოპტიმუმს, რომელიც ხელს უწყობს ტყის ზედა საზღვრის უწყვეტი სარტყლების არსებობას დიდი კავკასიონის გასწვრივ და ფრაგმენტირებული მონაკვეთების მცირე კავკასიონზე. კვლევამ აჩვენა ტრაექტორია: რეფუგიუმი – რეკოლონიზაცია – ოპტიმუმი – შემცირება, ხოლო კავკასიის ეკორეგიონი განსაზღვრა როგორც კლიმატისადმი მგრძნობიარე ცხელი წერტილი.

რაც შეეხება მომავლის პროგნოზებს, SSP370 და SSP585 სცენარების მიხედვით, მოსალოდნელია ჰაბიტატის 80-95%-იანი დანაკარგი, რაც მხოლოდ მცირე იზოლირებულ რეფუგიუმებს ტოვებს დიდი კავკასიონის სუბალპურ ზონებში.

სტატიის ბმული: https://doi.org/10.1016/j.tfp.2026.101192

საქართველოში ტყის მეცნიერებების მიმართულებით სამეცნიერო სტატიების 80%-მდე ილიაუნის მკვლევრების ძალისხმევითაა მომზადებული და გამოქვეყნებული.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი