ევროპის ბიოქიმიური საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) განათლებისა და ტრენინგის კომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორ ფერჰან საღინის მხარდაჭერის წერილი
„ბატონო მინისტრო მიქანაძე,
გწერთ ბიოქიმიის პროფესორი, ევროპის ბიოქიმიური საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) განათლებისა და ტრენინგის კომიტეტის თავმჯდომარე და თურქეთის ბიოქიმიური საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, და გამოვხატავ ჩემს აკადემიურ პოზიციას.
წლების განმავლობაში მქონდა პატივი მჭიდრო პროფესიული თანამშრომლობისა ქართველ კოლეგებთან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებასთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა FEBS-ის განათლების ელჩების პირველ შეხვედრას, რომელმაც ევროპის მასშტაბით 35 საგანმანათლებლო ლიდერს მისცა შესაძლებლობა, ორდღიან სემინარზე ერთობლივად ემუშავათ სიცოცხლის მეცნიერებათა განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. ღონისძიებაზე ნათლად გამოიკვეთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობა ევროპულ აკადემიურ ქსელებში და მტკიცე ორიენტაცია საერთაშორისო სტანდარტებზე.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს თანმიმდევრული ძალისხმევა ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებაში დადებითად აღიქმებოდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამ ძალისხმევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, აქტიურად მონაწილეობდა რეგიონულ და საერთაშორისო აკადემიურ დიალოგში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრული ძალისხმევა ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებაში პოზიტიურად აღიქმებოდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ ინტეგრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და აქტიურად მონაწილეობდა რეგიონულ და საერთაშორისო აკადემიურ დიალოგში. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა მნიშვნელოვან საერთაშორისო კონგრესებში, მათ შორის 2017 წელს ჩვენი 28-ე საერთაშორისო ბიოქიმიის კონგრესის მთავარი მომხსენებელი იყო, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა აკადემიური თანამშრომლობა ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებათა შორის.
სრულად ვაცნობიერებ, რომ უმაღლესი განათლების სისტემის დაგეგმვა და რეფორმა სახელმწიფოს სუვერენული პასუხისმგებლობაა. სტრუქტურული რეფორმები ხშირად აუცილებელია და განისაზღვრება ეროვნული პრიორიტეტებით. ჩემი წერილის მიზანი არ არის პოლიტიკური პროცესების შეფასება, არამედ პროფესიული აკადემიური პერსპექტივიდან იმ სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასმა, რომელსაც საქართველოში მოლეკულურ ბიოლოგიასა და ბიოქიმიაში მაღალი სამაგისტრო დონის განათლების შენარჩუნება წარმოადგენს.
მოლეკულურ ბიომეცნიერებათა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის განათლება ბიოტექნოლოგიის, ტრანსლაციური მედიცინისა და ფარმაცევტული სფეროს განვითარების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური საფუძველია. ამ მიმართულებათა სამაგისტრო პროგრამები უნივერსიტეტის სისტემის დამატებითი კომპონენტი კი არ არის, არამედ კრიტიკული ხიდია საბაკალავრო განათლებას, სადოქტორო მომზადებასა და კვლევით ლაბორატორიებს შორის, რაც უზრუნველყოფს ეროვნული კვლევითი პოტენციალის უწყვეტობას.
ამ სფეროებში სამაგისტრო და სადოქტორო განათლების სტრუქტურულად შეზღუდვა გამოიწვევს შემდეგს: შემცირდება სადოქტორო პროგრამებში მონაწილეობა, საერთაშორისო კვლევით კონსორციუმებში ჩართულობა, გაუარესდება პოზიციები ევროპულ საგრანტო პროგრამებში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანი მიადგება ეროვნულ სამეცნიერო ეკოსისტემასა და კვლევითი პოტენციალის მდგრადობას. შესაბამისად, ასეთი პროგრამების განსაზღვრისა და განვითარების ინსტიტუციური შესაძლებლობის შენარჩუნება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს სამეცნიერო მდგრადობასა და საერთაშორისო სანდოობას.
ევროპის მასშტაბით ინსტიტუციური ავტონომია – ანგარიშვალდებულებასთან დაბალანსებული – აღიარებულია ინოვაციისა და აკადემიური ხარისხის ერთ-ერთ ფუნდამენტურ წინაპირობად. ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის დაცვას სისტემის ხარისხისა და სანდოობის მნიშვნელოვან ინდიკატორებად განიხილავს. ამ პრინციპებთან თანმიმდევრული შესაბამისობა ამტკიცებს საერთაშორისო ნდობას, თანამშრომლობასა და ინვესტიციებს.
თურქეთსა და საქართველოს აკავშირებს მრავალწლიანი კულტურული და აკადემიური თანამშრომლობა, ასევე ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებებს – მჭიდრო კონსტრუქციული თანამშრომლობა. ამ ურთიერთპატივისცემისა და რეგიონული პარტნიორობის გათვალისწინებით გთხოვთ, ყურადღებით შეაფასოთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სტრუქტურულმა რეფორმებმა მოლეკულური სიცოცხლის მეცნიერებებში უმაღლესი განათლების მდგრადობასა და საქართველოს კვლევითი პოტენციალის უწყვეტობაზე.
მჯერა, რომ ამ სტრატეგიულ მიმართულებებში ძლიერი, საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შენარჩუნება ხელს შეუწყობს საქართველოს გრძელვადიან სამეცნიერო მდგრადობას, ეკონომიკურ განვითარებასა და გლობალურ პოზიციონირებას.”
პროფესორი ფერჰან საღინი
ეგეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი
FEBS-ის განათლებისა და ტრენინგის კომიტეტის თავმჯდომარე
თურქეთის ბიოქიმიური საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

