კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ ბჰარატ რატრას მხარდაჭერის წერილი

2026 წლის 25 თებერვალი

პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს

შეშფოთება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამებისა და სტუდენტთა კვოტების შემცირების შესახებ

მოგმართავთ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰყავდა ქართველი მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე პოსტდოქტორანტი მკვლევარი, და რომელიც კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასპინძლობდა საქართველოს, განსაკუთრებით  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მკვლევრებს. თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში და ჩატარებული მაქვს როგორც სპეციალიზებული სამეცნიერო, ისე საჯარო ლექციები იმ ერთობლივი კვლევითი პროექტების ფარგლებში, რომლებიც ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით ხორციელდება და ნაწილობრივ დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემს უნივერსიტეტს, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტს, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს შეთანხმება ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების გაცვლის შესახებ. ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის პროგრამების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა და რესურსი დასჭირდა.

ამიტომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღების შემცირებისა და ზოგიერთი პროგრამის შესაძლო გაუქმების შესახებ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ცვლილებები არ დააზიანებს იმ წარმატებულ პროგრამებს, რომლებზეც ჩვენმა ჯგუფმა და კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა ქართული ინსტიტუციების კოლეგებთან ერთად თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ვიმუშავეთ.

კარგად მესმის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეიძლება გარკვეული შეზღუდვები და სირთულეები ჰქონდეს. თუმცა მინდა,  მოვუწოდო გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ეს საკითხები გადაწყდეს ისე, რომ არ შემცირდეს  მაღალკვალიფიკაციური პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობა, რომელთა არსებობაც აუცილებელია, რათა უნივერსიტეტისა და ჩვენი ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროგრამები კვლავ წარმატებით განვითარდეს.

ვიმედოვნებ, დაგეგმილი ცვლილებები გადაიხედება, რათა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს კვლევითი პოტენციალი და აკადემიური ხარისხი და მომავალშიც დარჩეს აქტიურ და საიმედო პარტნიორად საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობაში.

პატივისცემით,

ბჰარატ რატრა
ფიზიკის პროფესორი

გაიგე მეტი

გაიგე მეტი