ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, დავით ოთიაშვილს აშშ-ის წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის (NIDA) გამოჩენილ საერთაშორისო მეცნიერთა თანამშრომლობის ჯილდო (DISCA) გადაეცა.
პროფესორი ოთიაშვილი იელის უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც მსოფლიოში ცნობილ ექსპერტთან, პროფესორ ფრედერიკ ალტისთან ერთად იმუშავებს სისტემური მიმოხილვის პროტოკოლის შემუშავებაზე.
პროექტი „იმპლემენტაციური კვლევის ახალი დღის წესრიგი: სისტემური მიმოხილვა ნივთიერებათა მოხმარების მკურნალობის თანამედროვე ეპოქისთვის“ მიზნად ისახავს შეისწავლოს, როგორ ფასდება მკურნალობის ინტერვენციების განხორციელების ხარისხი (fidelity) თანამედროვე ციფრულ და ფარმაკოლოგიურ გარემოში.
ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება იელისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე GIFT (Georgian Implementation Science Fogarty Training) პროექტს.
სისტემური მიმოხილვის პროტოკოლს მოამზადებენ GIFT-ის მკვლევრები და სტიპენდიატები, შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას იმპლემენტაციის მეცნიერების სფეროში და ხელს შეუწყობენ საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას.

