ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) 2025 წლის კონფერენციასა და გამოფენაში, რომელიც 9–12 სექტემბერს შვედეთის ქალაქ გოთენბურგში გაიმართა. ეს არის ევროპის უმსხვილესი ყოველწლიური ფორუმი საერთაშორისო განათლების სფეროში, რომელშიც მონაწილეობს 7000-მდე წარმომადგენელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან – უნივერსიტეტები, ასოციაციები, სააგენტოები და სხვადასხვა ორგანიზაცია.
ქართული უნივერსიტეტების საგამოფენო პავილიონში ილიაუნის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამები, კვლევითი ინიციატივები და მიმდინარე თანამშრომლობა. ასევე გამართეს შეხვედრები არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან, რომელთა მიზანი იყო საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება, ახალი ინიციატივების დაწყება სასწავლო პროგრამებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. საგამოფენო სივრცე ორგანიზებული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის Education in Georgia ფარგლებში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ქეთევან დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაციისა (IAU) და EAIE-ის ერთობლივ ლიდერთა დიალოგში, რომელზეც უნივერსიტეტთა ხელმძღვანელებმა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირებმა განიხილეს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიები, ინსტიტუციური გამოცდილება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.
EAIE 2025-ის ფარგლებში უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა სალომე ბილანიშვილმა წაიკითხა მოხსენება Erasmus+ საერთაშორისო მობილობის სქემაში პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების მონაწილეობის სტრატეგიების, წარმატებული გაცვლითი პროგრამებისა და მდგრადი თანამშრომლობის შექმნის გამოცდილების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა EAIE 2025 კონფერენციაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მზადყოფნას, საკუთარი სტრატეგიის შესაბამისად ხელი შეუწყოს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში პოზიციონირებას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის ინტერნაციონალიზაციის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად.

