საგაზაფხულო სკოლა „ჩვენი ორგანიზმი და ჯანმრთელობა“

23-დან 25 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამისა და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტებისთვის ილიაუნის სტეფანწმინდის კვლევით ბაზაზე გამართავს საგაზაფხულო საერთაშორისო  სკოლას „ჩვენი ორგანიზმი და ჯანმრთელობა“. ინგლისურენოვანი სკოლა მიზნად ისახავს ქართველი და უცხოელი სტუდენტების დაკავშირებას და ურთიერთობების გაღრმავებას.

სკოლის მიზანი

სკოლა სტუდენტებს ჩამოუყალიბებს ადამიანის ორგანიზმისა და მასში მიმდინარე პროცესების ფართო და ინტერდისციპლინურ ხედვას, დაანახებს  კავშირს ბიოლოგიის თანამედროვე ცოდნასა და მისი გამოყენების პოტენციალს შორის. დაეხმარება თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ ადამიანის ორგანიზმის შესწავლისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები.

სკოლის მონაწილეებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები სამი დღის განმავლობაში ჩაატარებენ ლექცია-სემინარებს, ვორკშოპებს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს შესაბამისი თვალსაჩინოებათა გამოყენებით. სტუდენტები გაეცნობიან ბიოსამედიცინო კვლევების განსხვავებულ სპეციფიკას, ასევე   ბიოსამედიცინო მეცნიერებების აქტუალურ პრობლემებსა და გლობალურ ტენდენციებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-4-8 სემესტრის სტუდენტებსა და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის მე-2-5 სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

ბიოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის  მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.

ორივე პროგრამის სტუდენტებმა უნდა მოამზადონ სამოტივაციო ესეი ინგლისურ ენაზე.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე, სადაც ტექნიკური/საკონტაქტო ინფორმაციის გარდა გამოაგზავნიან 300-სიტყვიან ესეის „21-ე საუკუნის ადამიანის ჯანმრთელობის ძირითადი საფრთხე“.

მონაწილეებს შეარჩევენ ფაკულტეტის წარმომადგენლები აკადემიური მოსწრებისა და ესეის შეფასების მიხედვით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:https://forms.gle/sqZC8zec5aWt73RJ7

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 18 მაისი

საგაზაფხულო სკოლის თარიღები: 23-25 მაისი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის კვლევითი ბაზა

გაიგე მეტი

გაიგე მეტი