შაბათს, 27 ივნისს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლის ბაკალავრიატის დამთავრების ცერემონიალი გაიმართა. 2009 წლის ბაკალავრების გამოშვება პირველი თაობაა, რომელიც უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოხვდა.
საზეიმო შეხვედრა გახსნა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიგი თევზაძემ: ”უყურეთ სამყაროს კრიტიკულად, ეძებეთ ლოგიკური კავშირები, დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება თანმიმდევრულად, და იქნებით წარმატებულები… თქვენ საკმარისი განათლება მიიღეთ იმისათვის, რომ სწორი და გაბედული კითხვების დასმა შეგეძლოთ…”
სტუდენტების სახელით საზოგადოებას მიმართა ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ნინო ჩაგანავამ: ” წარმატების მიღწევის უნივერსალური საშუალებაა, გქონდეს მიზანი და ამ მიზნისკენ ისწრაფვოდე, ჩვენი გავიკვლიეთ გზა წარმატებისკენ “.
სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამიაც მიესალმა: “თქვენ ხართ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და გისურვებთ თქვენი ცოდნის ღირსეულ გამოყენებას”.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის გაიმართა პოპულარული ჯგუფის “მგზავრების” კონცერტი.
[wpai_display_imported_files_here]

