საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Annals of Geophysics-ში გამოქვეყნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მკვლევრების – ნატო ჯორჯიაშვილის, ია შენგელიას, თინათინ როსტომაშვილის, დიმიტრი აკუბარდიას – სტატია „Next-Generation Ground-Motion Models for Georgia and the Surrounding Caucasus Region“.
მკვლევრებმა შეიმუშავეს გრუნტის ძლიერი რხევის ახალი, გაუმჯობესებული მოდელები საქართველოსა და კავკასიის რეგიონისთვის. მოდელები ეფუძნება საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სეისმური ქსელებით რეგისტრირებულ 2262 მაღალი ხარისხის სამკომპონენტიან აქსელეროგრამას და ითვალისწინებს მიწისძვრის მაგნიტუდას, მანძილს, რღვევის მექანიზმსა და გრუნტის ლოკალურ პირობებს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალი მოდელები უზრუნველყოფს გრუნტის რხევის უფრო სტაბილურ და საიმედო შეფასებას.
კვლევას მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულება აქვს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სეისმური საფრთხის შეფასების, მიწისძვრების ზემოქმედების მოდელირებისა და სეისმომედეგი მშენებლობისთვის.

