თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობა. უმაღლესი ეშელონის 5 საგზურისთვის ორთაბრძოლები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ტურნირისთვის ყველაზე უკეთ მომზადებული აღმოჩნდა ოჩამჩირელი საერთაშორისო ოსტატი დავით ბენიძე, რომელმაც 9 შეხვედრიდან შვიდი მოიგო, ორი ყაიმით დაამთავრა და 8 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.
ბენიძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელია. ჭადრაკის თამაში 6 წლისამ ისწავლა. სხვადასხვა ასაკში საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია. თანატოლთა შორის ევროპის პირველობებზე 2005 წელს ჩემპიონობა მოიპოვა, ოთხჯერ კი მეორე-მესამე ადგილებზე გავიდა. წლეულს იტალიაში კონტინენტის 18-წლიანთა პირველობაზე „ბრინჯაოს” დაყაბულდა, ტიგრან პეტროსიანის მემორიალში მეორე იყო, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მესამედ დაიმსახურა.
ამჟამად მისი რეიტინგია 2450, პირველი იანვრისთვის ამ მონაგარს 33 პუნქტი მიემატება.
[wpai_display_imported_files_here]

