ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი ბუხრიკიძეს მოცურავეთა არაერთ შეჯიბრებაში გამოუჩენია თავი. მან წლევანდელ უნივერსიადაზეც წარმატებულად იასპარეზა: 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდითა და 100 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ოქროს მედლები მოიპოვა, 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში კი მეორე იყო. თანაგუნდელს მხარი აუბეს გიორგი კეკელიამ და ანაიდა გორდეზიანმა. გიორგი კეკელია 50 მეტრზე ბატერფლაით პირველი მივიდა ფინიშთან, ხოლო 50 მეტრზე ბრასით ”ვერცხლი” მოიპოვა. 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ანაიდა გორდეზიანი. 50 მეტრზე ბრასით კი ნათია ჩაჩხიანი მესამე ადგილზე გავიდა.
დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა ჩოგბურთელთა პაექრობა. ჩვენი უნივერსიტეტის სპორტსმენებმა თითო ოქროს და ვერცხლის მედალი დაიმსახურეს. გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა გვანცა სუქნიძემ, რომელმაც ფინალში სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ნინო ყაჯრიშვილს აჯობა-6:1, 6:3, ხოლო ვაჟებში მერაბ ქაშიბაძემ 3:6, 4:6 წააგო ბიძინა ამაშუკელთან (სამედიცინო უნივერსიტეტი) და მეორე ადგილს დასჯერდა.
[wpai_display_imported_files_here]

