პირველად ევროპული სარბიელისაკენ

შარშან, ოცწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ლაგუნა ვერეზე  საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდ ”ლიგამუსის” გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონები წელსაც ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ ბოლო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. არადა, ოლიმპიკის განახლებულ აუზში ”ივერია” და ”ნეპტუნი” იოლად დაამარცხეს, შესაბამისად, 13:4 და 21:11, ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა კი თბილისთან 10:15 დათმეს.ოქროს მედლების ბედი საპლეიოფო პაექრობამ გადაწყვიტა. შეხვედრის პირველი პერიოდის მე-3 წუთზე ანგარიში თბილისელებმა (რაბადანი) გახსნეს, მეორე რვაწუთიანი მონაკვეთის დასაწყისში ქენქაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა მალევე ჯერ ლაითაძემ და შემდეგ რურუამ პენალტით წონასწორობა აღადგინეს. გულშემატკივრებს ეგონათ, ლიგამუსელები (ჭუმბურიძე, ბენდიანაშვილი, ტუკვაძე, პეიტრიშვილი, ლაითაძე, ყაველაშვილი, ცაავა, რუსიშვილი, რურუა, გეგელაშვილი,ნიკოლეიშვილი, ბუღაძე, საბაშვილი, მწვრთნელი ისელიძე) მატჩში გარდატეხას შეიტანდნენ, მაგრამ სერბმა რაბადანმა ისევ წინ გაიყვანა ”თბილისი”. საფინალო სასტვენამდე ”ლიგამუსი” მდევრის როლში იყო. მართალია, ანგარიში რამდენჯერმე დაიყვანეს მინიმალურ სხვაობამდე, მაგრამ მიზნის მისაღწევად და შეტევების დასაგვირგვინებლად ან სიზუსტე აკლდათ, ან მეტოქეთა მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.  

საბოლოოდ ”თბილისმა” 11:9 (1:0, 3:3, 3:3, 4:3) გაიმარჯვა  და ოქროს მედლები მოიპოვა, მეორე ადგილი ”ლიგამუსს”  ერგო,  ბრინჯაო  კი  ”ნეპტუნმა”   დაიმსახურა. 27 გატანილი გოლით ბომბარდირი გახდა კოტე გეგელაშვილი, ტურნირის საუკეთესო მეკარე- ზურაბ ჭუმბურიძე (ორივე -” ლიგამუსი”), საუკეთესო მცველად კი ბექა ქენქაძე (”თბილისი”)  დაასახელეს.

სერგო რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: _ საინტერესო ორთაბრძოლების მოწმენი გავხდით. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა საპლეიოფო პაექრობა – ღირსეულ მეტოქეთა მატჩი. ჩემპიონობის დათმობის მიუხედავად, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. ”თბილისი”  ამ ჩემპიონატისთვის ოთხი უცხოელი მოთამაშით გაძლიერდა, ჩვენ კი საკუთარ რესურსებს დავეყრდენით. მოგეხსენებათ,  ,,ლიგამუსის”  შვიდი წყალბურთელი ეროვნული ნაკრების წევრია. უნივერსიტეტისა და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ გუნდის შემადგენლობა შეინარჩუნოს და შემოდგომით ლენტროფის თასის  გათამაშებაში ჩაებას. ”ლიგამუსელებმა” ეს დაიმსახურეს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი