პატრიკ ჯოსეფ ჰიკის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

თბილისში ზეიმით აღინიშნება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსების 20 წლისთავი. იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის, ირლანდიის ოლიმპიური კავშირის თავკაცის პატრიკ ჰიკის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპის ეოკების გენერალური მდივანი რაფაელე პანიოცი, ესპანეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ოლიმპიური მოძრაობის მესვეურები. ორი დღის განმავლობაში მათ დაათვალიერეს ჩვენი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობანი, სპორტული ბაზები. დიდ დიღომში 200-მეტრიანი ხის ღია ველოტრეკისა და რაგბის ორი მოედნის საზეიმო გახსნას დაესწრნენ. გიგი უგულავასთან შეხვედრისას პატრიკ ჰიკს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა და საჩუქრად თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა. ევროპელი სტუმრები ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღეს.
კვირას დელეგაციის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც პატრიკ ჰიკმა მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა. კერძოდ, აღნიშნა ის დიდი მნიშვნელობა, რაც პიერ დე კუბერტენის მიერ თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღდგენას მოჰყვა. ხაზი გაუსვა ოლიმპიურ მოძრაობაში სოკ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჟაკ როგის დამსახურებას. ბატონმა ჰიკმა ბრძანა, რომ ჩვენი პლანეტის ახალგაზრდობას სპორტი ახლა უფრო ესაჭიროება, ვიდრე ოდესმე, რადგან ჩასუქებულმა გოგო-ბიჭებმა კომპიუტერის ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლეს, ბევრი მათგანი კი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მიეძალა. სპორტი არის ის ერთადერთი მძლავრი საშუალება, რომლითაც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღ წესს დავნერგავთ. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის დოქტორ ჟაკ როგს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იყო, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი დააფუძნა, რომელშიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ათეულ-ათასობით მოზარდი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. წლეულს კი როგისვე ინიციატივით სინგაპურში პირველად გაიმართება მსოფლიო ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიგი თევზაძე გულთბილად მიესალმა ევროპელ სტუმრებს და დამსწრეთ აუწყა, რომ ბატონ პატრიკ ჰიკს უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
აქვე შევნიშნავთ, რომ თბილისმა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის სამასპინძლოდ თავისი კანდიდატურა წარადგინა. მას ჩეხეთის ქალაქი ბრნო მეტოქეობს. ამ ორ ქალაქს შორის გამარჯვებულს ევროპის ეოკი 2010 წლის მიწურულს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადებს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი