”საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის” პრეზიდენტის, ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის ინიციატივით კლუბის წევრები 9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეწვივნენ. სააქტო დარბაზში მასპინძლებთან ერთად შეიკრიბნენ სხვადასხვა დროის ოლიმპიური ჩემპიონები – მედეა ჯუღელი (ტანვარჯიში, 1952 წ.), რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა, 1952), რომან რურუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 1968), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, 1988), გელა კეტაშვილი (ფეხბურთი, 1988), კახი კახიაშვილი (ძალოსნობა, 1992, 1996, 2000), გიორგი ასანიძე (ძალოსნობა, 2004), ოლიმპიადების პრიზიორები – გურამ საღარაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 1964), მაია აზარაშვილი (მძლეოსნობა, 1988), რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 2004) და ნესტორ ხერგიანი (ძიუდო, 2004).
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. სტუმარ-მასპინძლებს მიესალმნენ და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ნუგზარ ჩიტაიამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბელა წიფურიამ, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველმა ლევან ერისთავმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სპორტულმა ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს ჩატარდა სპორტული ვიქტორინა. გამარჯვებულები კახი კახიაშვილის ორტომეულით, სპორტის ენციკლოპედიითა და ოლიმპიურ ჩემპიონთა ავტოგრაფებით დამშვენებული რაგბის ბურთით დაჯილდოვდნენ.
[wpai_display_imported_files_here]

