საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის დეპარტამენტის, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა კალათბურთის სასახლეში გაიმართა სტუდენტური ლიგის პირველობა კალათბურთში. საასპარეზოდ 8 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ჯგუფური ტურნირის შემდეგ ნახევარფინალში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 86:72 სძლია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კალათბურთელებს, ხოლო პირველი გათამაშების ჩემპიონმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქუთაისის უნივერსიტეტის „ლამპარი” დაამარცხა 85:60. ფინალში ჭავჭავაძელები და სტუ-ს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პაექრობა დაძაბული გამოდგა.
პოლიტექნიკოსებმა გიორგი ნანიტაშვილისა და ზურაბ მაჭავარიანის (თითოეულმა 21-21 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს) ნეიტრალიზება ვერ შეძლეს. გაიმარჯვეს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა (ზურაბ მაჭავარიანი, გივი გაბუნია, ზურაბ გიორგობიანი, შალვა ონიანი, გიორგი ნანიტაშვილი, გიორგი სუდაძე, შმაგი მელაშვილი, ლაშა ელბაქიძე, ნიკა ჩაველაშვილი, ნოდარ მეზვრიშვილი, ირაკლი ივანეიშვილი, დათო გასიტაშვილი, მწვრთნელი – საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ილია მირიანაშვილი) 71:62 (38:36) და მთავარ პრიზთან ერთად ოქროს მედლებიც მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ ჩემპიონმა ყველა მატჩი მოიგო. „ვერცხლი” სტუ-ს ხვდა, აგრარულმა უნივერსიტეტმა მესამე ადგილი დაიკავა.ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად ზურაბ მაჭავარიანი (ჭავჭავაძის უნივერსიტეტი) აღიარეს, საუკეთესო გამთამაშებლად – ბექა ქორიძე (ქუთაისის „ლამპარი”), მაყურებელთა სიმპათია ვახტანგ თევზაძემ (სტუ) დაიმსახურა.გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, თასებთა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
[wpai_display_imported_files_here]

