ლიგამუსელთა წვლილი

წლეულს შტუტგარტი 1993 წელს დაბადებულთა ევროპის პირველობის დასკვნით ასპარეზობას უმასპინძლებს. ამ შეჯიბრების 9 მონაწილე თავიდანვე ცნობილი იყო, დანარჩენი 7 საგზურისთვის 7 აპრილიდან 20 გუნდი იბრძოდა. პოლონურ გორჟუფში 8 ნაკრებმა მოიყარა თავი. მათ შორის – საქართველოს წარგზავნილებმაც. ასპარეზობის სტარტზე მთავარის მწვრთნელის რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ბრიტანელებს მოუგეს 10:9, მეორე ტურში სლოვაკებს დანებდნენ 3:20, მესამეში კი ბელარუსებთან ფრედ დაამთავრეს (5:5) შეხვედრა, რაც ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. აქ ჩვენი ბიჭები ბულგარელებს დაუპირისპირდნენ. სამი პერიოდის განმავლობაში უპირატესობას სლავები ფლობდნენ, რომლებმაც გაიმარჯვეს კიდეც – 9:4.
გადამწყვეტ პაექრობაში საქართველოს ნაკრები პოლონეთს შეხვდა. ძირითადი (4:4) და დამატებითი დრო (3:3) ფრედ დამთავრდა. პენალტები ჩვენმა ბიჭებმა უფრო ზუსტად (5:3) შეასრულეს და ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს. ამ წარმატებაში თავისი წვლილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასპორტო კლუბ “ლიგამუსის” (მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი ნოდარ ჩხარტიშვილი) წევრებმა – ნიკოლოზ შუბლაძემ, ლევან ჩიქვინიძემ, სანდრო ხუციშვილმა და გიორგი ქარჩივაძემაც შეიტანეს.
პოლონეთის საკვალიფიკაციო ტურნირზე დანარჩენი ორი საგზური ბულგარელებსა და სლოვაკებს ხვდათ. მათი დასკვნითი მატჩი სლოვაკებმა დიდი ანგარიშით მოიგეს (18:4) და პირველი ადგილი დაიკავეს.
ამრიგად, 2010 წლის აგვისტოში ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მედლებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჩერნოგორია, სერბეთი, ხორვატია, უნგრეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი (წინა ევროპის პირველობის 8 საუკეთესო), გერმანია (მასპინძელი), სლოვაკეთი, ბულგარეთი, საქართველო, რუსეთი, ჰოლანდია, თურქეთი, სლოვენია.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი