ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა მოკრივეთა საქართველოს თასის გათამაშება, რომელსაც ახალქალაქმა უმასპინძლა. შეჯიბრებაში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტიც მონაწილეობდა – ზაალ კვაჭატაძე და ჯაბა ხოსიტაშვილი.
ზაალი თბილისელია. ახალგაზრდებში საქართველოს სამგზის ჩემპიონმა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავა, 2006 წელს კი კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ახალქალაქში 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ნახევარფინალში მასპინძელი ერაზ ჩნავაიანი დაამარცხა, ფინალში დედაქალაქელ ბექა პაპაშვილს სძლია და საქართველოს თასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ადგილიც დაიბევა.
ხოსიტაშვილი ახალციხელია. კრივში 1998 წლიდან ვარჯიშობს. რამაზ ნიკოლაძის შეგირდმა ჭაბუკებში ორჯერ საქართველოს პირველობა მოიგო, ამდენჯერვე დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა. 2006 წელს ნიკოლაევში მოსწავლეთა კონტინენტის პირველობის ოქროს მედალი მოიპოვა, წლეულს პოლონეთში ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე “ბრინჯაოთი” დაკმაყოფილდა. ახალქალაქში 69 კილოში მოსინჯა ძალები. ნახევარფინალში გორელ ნიკა სეხნიაშვილს აჯობა, ფინალი კი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფოთელ ლევან ღვამიჩავასთან დათმო და მეორე ადგილზე გავიდა.
მომავალი წლის იანვრიდან ორივე მოკრივე ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.
[wpai_display_imported_files_here]

