სამუშაო შეხვედრა ინტერდისციპლინური გარემოსკვლევითი მეცნიერებების სწავლების შესახებ

29-30 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიოლნის უნივერსიტეტისა და ილიაუნის წარმომადგენლები გამართავენ სამუშაო შეხვედრას ინტერდისციპლინური გარემოსკვლევითი მეცნიერებების სწავლების შესახებ.

კავკასიის რეგიონი თავისი რთული გეოლოგიითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგებს განიცდის, რაც თვალსაჩინოდ გამოხატულია მყინვარების სწრაფი კლებით, წყლის რესურსების ცვლილებებით, გაზრდილი ბუნებრივი საფრთხეებით, გაუდაბნოებით თუ ბიომრავალფეროვნების შემცირებით. სოციალური და ეკონომიკური რეაგირება  ამ კლიმატურ და გარემოს ცვლილებებზე ჯერ კიდევ საკმარისად არ არის შესწავლილი, ამისთვის საჭიროა მრავალდისციპლინური კვლევები.

ამ გამოწვევათა საპასუხოდ კიოლნის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებენ თანამშრომლობას ილიაუნიში მრავალდისციპლინური გარემოსდაცვითი კვლევების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის შესაქმნელად, რომელიც მოდელირებული იქნება კიოლნის უნივერსიტეტის გარემოსკვლევითი მეცნიერებების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (IMES https://imes.uni-koeln.de/ ) მსგავსად.

პროგრამა გააერთიანებს საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებს,  თეორიულ სწავლებას შეუთავსებს პრაქტიკულ საველე სამუშაოებსა და ექსკურსიებს. კრიტიკული აზროვნების, ინტერდისციპლინური და ადაპტაციის უნარების განვითარებით პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა მომზადებას, რომლებიც შეძლებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რთულ ამოცანებთან გამკლავებას და წვლილის შეტანას გლობალური მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

სამუშაო შეხვედრის მიზანია ინტერდისციპლინური პროგრამების სწავლების საერთო ხედვის ჩამოყალიბება, ილიაუნის გამოცდილებისა და რესურსების გაცნობა მონაწილეთათვის, ასევე კიოლნის უნივერსიტეტის IMES პროგრამიდან  შეძენილი ცოდნის გაზიარება. საბოლოო მიზანია შეიქმნას კიოლნის უნივერსიტეტის IMES პროგრამაზე დაფუძნებული და ილიაუნის ძლიერ მხარეებსა და ცოდნაზე მორგებული სამაგისტრო პროგრამის ჩარჩო ინტერდისციპლინურ გარემოსდაცვით მეცნიერებებში.

 

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი