ცხადდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია.
კანდიდატურის შერჩევაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2013 წლის 20 თებერვლიდან 2013 წლის 1 მარტის ჩათვლით სამუშაო დღეებში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3-5 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში).
პირი კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
- განცხადება, კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
- მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საცხოვრებელი მისამართის ჩანაწერით);
- დიპლომის ასლი;
- ორი ფოტოსურათი (3X4);
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
- კანდიდატი, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
- კანდიდატს მოეთხოვება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან/და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
კანდიდატთა შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, მეორე ეტაპი – გასაუბრება.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევას რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შერჩევის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს შერჩევის პირველ ეტაპს.
კანდიდატის მოტივაციის, პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევებისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის რეგენტთა საბჭო ჩაატარებს გასაუბრებას.
გასაუბრების ჩატარების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ გასაუბრებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე.
[wpai_display_imported_files_here]

